„უნგრულმა კომპანიამ ჩაიდო ბიუჯეტიდან გადახდილი ფული ჯიბეში, წაიყვანა თვითმფრინავები და თან განაწყენებული ტონით გველაპარაკება“
გვანცა წულაია
01.07.2020

შეზღუდვების გახანგრძლივებამ საჰაერო სივრცეში პრობლემები შექმნა. უნგრული ავიაკომპანია „ვიზ ეარი” ქუთაისის ბაზარს დროებით ხურავს და, სანამ საქართველო სივრცეს არ გახნის, კომპანია ქართულ ბაზარზე მუშაობას წყვეტს. მოსალოდნელია, რომ „ვიზ ეარს” სხვა ავიაკომპანიებმა მიბაძონ, რადგან პანდემიამ ავიასფერო განსაკუთრებით დააზარალა. 

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ქუთაისში ბაზირებულ ორ ხომალდს ქვეყნიდან გაიყვანს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის გამო საქართველოში თანამშრომლების შემცირება არ მოხდება, ბაზის დროებით დახურვა კი ხარჯების ოპტიმიზაციით არის განპირობებული. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრული კომპანია ქუთაისის ბაზარს საერთოდ აუქმებდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია თავად კომპანიაშიც და ეკონომიკის სამინისტროშიც უარყვეს. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზ ეარი” საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს. 

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზ ეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული", - განაცხადა მინისტრმა.  

ამას თავად კომპანიის განცხადება მოჰყვა, სადაც ხაზგასმულია, რომ  რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ ავიაკომპანია კვლავინდებურად განაახლებს ფრენებს.

„ვიზ ეარი" მზადაა, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. „ვიზ ეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, შეამციროს დანახარჯები, რომელიც გაჩერებული ფრენების პირობებშიც კი აქვს. 

როგორც ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, „ვიზ ეარს” თავიანთი პრობლემების სხვაზე გადაბრალება სურს და თავიდან ირიდებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც კომპანიამ იკისრა სახელმწიფოს წინაშე.

„პრობლემა გამოიწვია იმან, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემდეგ დადგა სერიოზული კრიზისი, მით უმეტეს - ტურიზმის სექტორში, რამაც პირდაპირ დაარტყა ავიასექტორს. მარტო აშშ-ში, დაახლოებით, 250 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს ავიაკომპანიებმა. ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, უამრავი კომპანია გაკოტრდა და ბაზრიდან გავიდა. „ვიზ ეარის” ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი ავიაციაში არსებული კრიზისია. 

მეორეც, მაგალითად, „რაინ ეარი” და „ვიზ ეარი” რომ შევადაროთ, ორივე დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა. „რაინ ეარი” 30-40-ევროიანი ბილეთებით დაფრინავს თბილისიდან და ბათუმიდან იტალიის მიმართულებით, მაგრამ მათი თვითმფრინავები საქართველოში არ დგას. ისინი აქ ჩამოფრინდებიან და მიჰყავთ მგზავრები. 

რაც შეეხება „ვიზ ეარს”, ამ კომპანიამ პირველ ეტაპზე ერთი თვითმფრინავი ჩამოიყვანა და ქუთაისში დააყენა. რაღაც პერიოდის მერე, მეორე თვითმფრინავიც ჩამოიყვანა და ისიც აქ გააჩარა. ამის სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის დროს და შემდგომ უკვე, „ოცნების” პერიოდში, „ვიზ ეარს” თვითმფრინავების ბაზირებისთვის გადაუხადეს ათეულობით მილიონი დოლარი, რომელსაც ე.წ. მარკეტინგული და სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის უფინანსებდა სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისად, ეს ხდებოდა იმის სანაცვლოდ, რომ ისინი ბიუჯეტიდან იღებდნენ სერიოზულ დაფინანსებას. 

„ვიზ ეარი”, როგორც კომპანია, საქართველოში, ფაქტობრივად, არანაირ საბიუჯეტო გადასახადს არ იხდის. უფრო მეტიც, ისინი თითქმის არაფერს არ იხდიან ქუთაისის აეროპორტშიც მოსაკრებლის სახით და მათი ჯამური ხარჯი ერთ გადაყვანილ მგზავრზე არ აღემატება 3 დოლარს. ის, რომ ქუთაისიდან ფრენა უნდა ყოფილიყო იაფი, მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, შემდეგ კი გახდა ყველაფერი მითი", - განუცხადა „რეზონანსს" ზაუტაშვილმა. 

მისი აზრით, როგორც ჩანს, „ვიზ ეარს” ახლა სერიოზული კრიზისი დაუდგა. მათ უნდათ თვითმფრინავების გადაბაზირება, ალბათ, ბუდაპეშტში. თვითმფრინავების გაყვანისა და რეისების დროებით გაჩერების მიზეზს ხსნიან იმით, რომ ივლისში ფრენა არ აღდგა. 

„მივიღეთ ის, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში გვყავდა ავიაკომპანია, რომელმაც უდავოდ შემოიყვანა ძალიან ბევრი ტურისტი, მაგრამ, იმავდროულად, ათეულობით მილიონი დოლარი მიიღო შემოსავალი, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე. 

„ვიზ ეარსაც” ჰქონდა თავის ვალდებულება, რომ შეესრულებინა ფრენები და შემოეყვანა ტურისტები. ეს ვალდებულება „ვიზ ეარმა”, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა, ჩაიდო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადახდილი ფული ჯიბეში, წაიყვანა თვითმფრინავები და თან განაწყენებული ტონით გველაპარაკება ჩვენც და სახელმწიფოსაც, რასაც ვერანაირად გავამართლებ. ეს არის საკუთარი პრობლემების სხვაზე გადაბრალება და თავიდან არიდება იმ ვალდებულებებისა, რომლებიც კომპანიამ იკისრა სახელმწიფოს წინაშე. 

„ვიზ ეარი” საერთოდ რომ გავიდეს ქართული ბაზრიდან, მერწმუნეთ, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. მას სხვა რომელიმე უცხოური ავიაკომპანია ჩაანაცვლებს და შესაძლოა, მასზე უფრო მომხიბვლელი ფასიც ჰქონდეს”, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა „რეზონანსთან”. 

ავიაკომპანიებს ვალდებულებები გააჩნიათ, მაგალითად, თანამშრომლების ხარჯების უზრუნველყოფა, იჯარის გადასახადი და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ კრიზისულ ვითარებაში კომპანიები ვალდებულებების შესამსუბუქებლად, დროებით, სხვადასხვა გზას მიმართავენ. 

ავიაციის ექსპერტი გიორგი კოდუა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, „ვიზ ეარს” სხვა ავიაკომპანიებმა მიბაძონ, რადგან პანდემიამ ავიასფერო განსაკუთრებით დააზარალა.

„ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა სრულიად ავიაციას, რისი გამომწვევი მიზეზიც პანდემიაა. ეს არ არის საქართველოს ბრალი. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ „ვიზ ეარმა” რეისები გააუქმა. კომპანიამ, უბრალოდ, ბიუჯეტს გადახედა, რომლიც დაკორექტირებაც მოხდა. 

დარწმუნებული ვარ, ისევ დაიწყება მიმოსვლა და მათ შეიძლება, დააბრუნონ ყველა რეისი, მაგრამ არა მგონია, ახალ წლამდე ის ძველი განრიგი აღადგინონ, რაც პანდემიამდე იყო დაანონსებული. ეს არა მარტო „ვიზ ეარს” ეხება, არამედ - სრულიად მსოფლიოს ავიაკომპანიებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ავიაციას 1-2 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ იმავე ნიშნულზე დაბრუნდეს, რომელზეც იყო კორონავირუსამდე. ეს გარემოება ეხება ყველას და არა მარტო დაბალბიუჯეტიან კომპანიებს. 

საქართველოში, რა რეისებიც პანდემიამდე იყო, იმავე სიხშირით ვერ ადღგება. „ვიზ ეარის” გარდა, სხვა ავიაკომპანიებისგანაც უნდა ველოდოთ ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას. 

2019 წელს, გადაზიდვების მხრივ, „ვიზ ეარი” პირველ ადგილზე იყო; მეორე ადგილზე - „თურქიშ ეარლაინზი”, რომლისგანაც უნდა ველოდოთ სხვა სიხშირით შემოსვლას. მათ ჰქონდათ სტამბული-თბილისი, სტამბული-ბათუმი, ანკარა-თბილისი და ანკარა-ბათუმი, რომელიც შეიცვლება; მესამე ადგილზე მგზავრთა გადაყვანის მიხედვით „აირზენაა” და იქაც მოხდება ცვლილება. არა მგონია, მათ იგივე მიმართულებები დატოვონ”, - განუცხადა „რეზონანსს” გიორგი კოდუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×