„სახელმწიფო სოციალურ ხარჯებს ისედაც ვერ აუდის და კიდევ გაზრდა შეუძლებელია"
რეზონანსი
01.07.2020

პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდა და 250 ლარს გაუტოლდა, რითაც უკვე დაახლოებით 410 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როდესაც ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%) ბევრად მაღალია, გაჩნდა შეგრძნება, რომ გაზრდილმა პენსიამ ინფლაცია უკვე „შეჭამა”. 

50 ლარით მეტი იქნება (300 ლარი) 70 წელს გადაცილებულთათვის პენსია მაღალმთიან დასახლებებში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

მიუხედავად მთავრობის მცდელობისა და გადადგმული ნაბიჯისა, დაუგეგმავმა ინფლაციამ, რომელმაც მაისის თვეში 6.5% შეადგინა, შესაძლოა, პენსიის ეს ნამატი სრულიად „გააქროს”. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, ყველა მიმართულებით სიძვირე აშკარაა. 

2021 წლის იანვრიდან კი იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება, რომლის მიხედვით: ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე; 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი; მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლისა და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის - 25 ლარზე ნაკლები.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, თუ პენსიონერებს უფრო მეტი სარგებელი ექნებოდათ, თუმცა, საბედნიეროდ, მათი უდიდესი ნაწილი საქართველოში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს და ეს პენსიონერთა მდგომარეობას ამსუბუქებს. 

„პენსია რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. არსებობს ოპტიმალური თანაფარდობა, თუ როგორი შეიძლება იყოს საშუალო პენსია საშუალო ხელფასთან. ამას ჰქვია ჩანაცვლების კოეფიციენტი. მიჩნეულია, რომ საზოგადოებაში ნორმალური მდგომარეობისას, ჩანაცვლების კოეფიციენტი არის 35-40% მაინც. თუ უფრო ნაკლებია, უნდა ჩავთვალოთ, რომ პენსიოენერთა კატეგორია განიცდის პრობლემებს. 

რადგან საშუალო ხელფასი 150 ლარზე მეტია, აქედან გამომდინარე, პენსიის ამჟამინდელი მოცულობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს იმ საორიენტაციო კრიტერიუმებს, თუმცა აქ არის ერთი მომენტიც - ჩვენთან პენსიონერთა 98% ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რაც ბუნებრივია, ამსუბუქებს მათ მდგომარეობას. 

პანდემიამ გამოიწვია ის, რომ გლობალური მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც შემცირდა მოთხოვნა და მიწოდებაც. ასეთ პირობებში, ფასების ზრდის მოთხოვნის ფაქტორი, ფაქტობრივად აღარ არის, რადგან ადამიანს თუ არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, მას არ ექნება დამატებითი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის ხარჯზე ვერ მოიმატებს ინფლაცია. 

ფასების ზრდა ზოგადად და განსაკუთრებით ასეთ პირობებში ნაკლებადაა დამოკიდებული ეკონომიკურ ფაქტორებზე, რადგან კორონავირუსის პანდემია ეკონომიკური წარმომავლობის არ არის. მისი მაჩვენებლი დამოკიდებული იქნება იმაზე, გვექნება თუ არა მეორე ტალღა. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ბოლო კვირების განმავლობაში ჩამოყალიბდა, დიდ ინფლაციას არ უნდა ველოდოთ. 

70 წელს გადაცილებულთათვის, პენსიის 30-ლარიანი დანამატი, ფაქტობრივად, იმაზე მეტია, ვიდრე ინფლაცია მოახერხებდა და „შეჭამდა” ამ გაზრდილ დამატებით შემოსავალს, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდებია. რეალობა დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებიც უკავშირდება კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მასშტაბებს”, - განაცხადა „რეზონანსთან” სოსო არჩვაძემ. 

თითქმის ყოველთვის ასე ხდება, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მეტია ხოლმე, რასაც ბუნებრივია, თავისი უარყოფითი შედეგები მოაქვს. მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა, რამაც მიზნობრივს 2-ჯერ გადააჭარბა. ამ გარემოებამ შესაძლოა, დამატებული პენსია საერთოდ „გააქროს”.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიუთითებს, რომ ქვეყანაში როცა ინფლაცია იზრდება და მსყიდველუნარიანობა ეცემა, ამას თავისი შედეგები მოაქვს. 

„პირველ რიგში, პენსიის ეს მოცულობა არ არის საკმარისი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც პენსია იზრდება, ეს დადებითი მომენტია. ის, რომ ახლა ინფლაციური პროცესი მიმდინარეობს და რეალური მსყიდველუნარიანობა იკლებს, ცხადია. 

ბუნებრივია, დადებითია პენსიის მატება, თუმცა არა - საკმარისი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, მეტი შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო სოციალურ ხარჯებს ისედაც ვერ აუდის. 

როდესაც წინა წელს გადავიანგარიშე რეალური პენსის დონე, იგი, საშუალოდ, 4-5 ლარით იზრდებოდა და არა - 20 ლარით. როდესაც ქვეყანაში ინფლაცია მატულობს და მსყიდველუნარიანობა ეცემა, ბუნებრივია, ადეკვატურად მოქმედებს ადამიანების მსყიდველუნარიანობაზე”, - უთხრა „რეზონანსს” ირაკლი მაკალათიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×