ნინა გარდაფხაძე
13.07.2020

პანდემიამ მსოფლიო სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ,,რეზონანსი“ დაინტერესდა, დეტალურად რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით და როგორია უკვე მიღებული და მოსალოდნელი შედეგები. 

აგრარულ სექტორში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებს - სამინისტრომ, ფერმერების მხარდასაჭერად, ახალი პროექტები შეიმუშავა და, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტებში ცვლილებები განახორციელა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის  „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამები  არის შესაძლებლობა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მეტი შეღავათი სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. 

პირდაპირი  დახმარების  პროგრამები დამატებითი სტიმულია ფერმერებისათვის, რომ   აგროვადების დაცვით  მოხდეს მეტი მიწის დამუშავება და მეტი პირველადი პროდუქციის წარმოება. სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიის  მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულაა(200 ლარი) , რაც შეეხება კიდევ ერთ პირდაპირი დახმარების პროგრამას, რომელიც აგროდიზელით ხელშეწყობას გულისხმობს, ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა  აგროტექნიკური სამუშაობისათვის მიიღონ დიზელი არსებულ ფასთან შედარებით შეღავათიან ფასად, რაც მათ გაწეული სამუშაოების თვითთღირებულებას შეუმცირებს.  პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

მიმდინარე პროგრამებმა არსებული რეალობის გათვალისწინებით განიცადეს ცვლილებები, ბოლო ცვლილებებით, 2020 წლის რთველის სეზონზე ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.

„ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად ხუთი მლნ ლარისა, იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი.

ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 მილიონი ლარისა, განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12 პროცენტის ოდენობით.

თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისთვის გაცემულ სესხებზე. კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50 პროცენტის მეორადი

უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 თვით“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე, ცვლილებები შეეხო სხვა მიმდინარე პროექტებსაც.  მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.

ცვლილებები მოიცავს „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების“ და „სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების“ კომპონენტებს. პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. დაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარს ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა პროგრამის სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტი. სააგენტო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ახალი სანერგე მეურნეობების შექმნას ან/და არსებული სანერგე მეურნეობების მოდერნიზება/გაფართოებას. თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ იმ სანერგე მეურნეობებზე, რომლებიც შეისყიდიან საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინ ვიტრო ლაბორატორიებს გასამრავლებელი მასალის საწარმოებლად. ამავე კომპონენტის ფარგლებში, განისაზღვრა კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისათვის მოთხოვნები - მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც მოხდება, რეგისტრირებული უნდა იყოს ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.

თუმცა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმის, რა შეღავათები შესთავაზა საქართველოს მთავარობამ ფერმერებს.  კონკრეტულ დეტალებზე ,,რეზონანსთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე საუბრობს. 

,,რეზონანსი“ საინტერესოა, მიმდინარე პროექტებში შესული ცვლილებები. რა მიმართულებები დაემატა ერთ-ერთ ყველაზე მოცულობით "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტს?

გიორგი ჯიბლაძე: სახელმწიფო, საჭიროებების მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა ცვლილებებს. დავინახეთ, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამაში გაჩნდა დამატებითი საჭიროებები, შესაბამისად, ავამუშავეთ ახალი კომპoნენტი - საბრუნავი საშუალებები ერთწლიანი კულტურების დაფინანსების მიზნით, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება რომ სესხის პროცენტი სრულად გადაეხადა 6 თვის  განმავლობაში და შედეგად ფერმერებმა მიიღეს შესაძლებლობა, საერთო უფასო ფულით ესარგებლათ და მოეყვანათ მოსავალი. სახელმწიფო სრულად ახორციელებს ასეთი სესხების სუბსიდირებას. პროექტის ფარგლებში უკვე 1 000-ზე მეტი სესხია გაცემული 20 მლნ ლარამდე, რაშიც სახელმწიფო დაფინანსება 2 მლნ ლარამდეა. ასევე აგროკრედიტში დაემატა სასურსათო მრეწველობის კომპონენტი, საიდანაც თანხა იწყება მილიონი ნახევარი ლარიდან და ადის 10 მლნ ლარამდე და თანადაფინანსების მოცულობა 34 წლის განმავლობაში არის 11%. ასევე მიზნობრიობაში დაემატა პურპროდუქტების წარმოება, მეორადი უზრუნველყოფა მეხორცული მიმართულების დასაფინანსებლად (ამ შემთხვევაში 300 000-ის უზრუნველყოფას ახდენს სახელმწიფო). რა თქმა უნდა თუ მიზნობრიობა შესრულდება, იმ შემთხვევაში გაიცემა   მეორადი უზრუნველყოფა. 

,,რეზონანსი“: ცვლილება შეეხო ,,დანერგე მომავალსაც". როგორ მოახერხებენ ფერმერები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში ჯერ არ გაუშენებიათ ბაღები,  ისარგებლონ ამ პროგრამის სიკეთეებით? 

გიორგი ჯიბლაძე: რაც შეეხება "დანერგე მომვალის" ფარგლებში შესულ ცვლილებებს. არსებულ ბაღებში, რომელიც სტანდარტების მიხედვით არის გაშენებული, თუმცა არა პროექტის ფარგლებში და არ აქვთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, უკვე შესაძლებელი გახდა ასეთ ბაღებშიც მსგავსი სისტემის მოწყობა. ეს შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს, ბაღები გახადონ უფრო ინტენსიური და მიიღონ მეტი შემოსავალი.

,,რეზონანსი“: კოვიდ19-მა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის წინაშე დააყენა და პანდემიის პირველ ეტაპზე ეს იყო მთავარი შიში. რა გაკეთხდა თქვენი მხრიდან, პრევენციისათვის? 

გიორგი ჯიბლაძე: ამ ეტაპზე ეს გამოწვევა ნამდვილად აღარ გვიდგას, თუმცა სწორედ საფრთხის გამო სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტად და კიდევ მეტი ყურადღება მიექცა. აპრილში სტრატეგიული მარაგების შესყიდვის მიზნით ჩატარდა სამუშაოები. შეძენილ იქნა 400 ტონა მაკარონი, 5 000 ტონა შაქარი და 1 500 კგ მაკარონი, რომელიც დასაწყობდა შესაბამის ლოკაციებზე და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 

,,რეზონანსი“: რით იქნება წლევანდელი შემოდგომა განსხვავებული როგორც ფერმერებისთვის, ასევე გადამამუშავებლებისა და მომხმარებლებისთვის? 

გიორგი ჯიბლაძე: ცვლილებები იყო მასშტაბური და თანხვედრაშია გამოწვევებთან, რომლის წინაშეც საქართველო და არა მხოლოდ საქართველო დადგა. ყველანაირად შევუწყვეთ ხელი ქართველ ფერმერებს, რათა მაქსიმალურად იაფად შესძლებოდათ პროდუქციის წარმოება. აშკარაა, რომ უკვე ამოქმედებული პროექტებით უპრეცენდენტო მასტიმულირებელი ღონისძიებები განხორციელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×