"აგვისტოში ოდნავ გამყარებას ველოდებით, შემდეგ გაუფასურებას, მაგრამ არჩევნებამდე მკვეთრად არაფერი შეიცვლება"
ნინა გარდაფხაძე
13.07.2020

ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა და საგანგებო რეჟიმის შემდეგ უკვე 3 კვირაზე მეტია სტაბილურად 3.04-3.7-ის ფარგლებში მერყეობს. ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნოემბრამდე გაგრძელდება და შემდეგ დიდ გაუფასურებას უნდა ველოდოთ. 

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების განულება დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,50-ის ნიშნულამდე მისული. იქიდან მოყოლებული ე.წ. ფსიქოლოგიური ნიშნული - 3.0,  სანატრელი გახდა. ახლა ამ ნიშნულთან დაბრუნება ძალიან ძნელი ამოცანაა, მით უფრო ჯერ კიდევ მძვინვარ პანდემიის პირობებში. ამჟამად რაც მოხერხდა ისაა, რომ ლარმა ახალი წონასწორობის ნიშნული იპოვა და ის რომ ძალიან მაღალია, ამას ყველაზე კარგად ქვეყანაში, გაზრდილი ფასები აჩვენებს. 

თვის ინფლაცია ივნისში ფასების სეზონური ხასიათის გამო შემცირდა, თუმცა სეზონურად შესწორებული გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება, ამასთან საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ნავთობის და საკვების ეფექტებს, ივნისში კვლავ გაიზარდა და 6.6% შეადგინა (მაისში 5.9%-თან შედარებით).

ფინანსისტი, საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ დღევანდელი კურსი არის ის, რასაც ლარი ოქტომბრამდე შეინარჩუნებს. 

,,ის პროგნოზები, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ, მართლდება. ამ თვის ბოლომდე ლარის კურსის მერყეობა იქნება 3.0-3.10-ის ფარგლებში. აგვისტოში კი ოდნავ გამყარებას ველოდებით, თუმცა ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის. ვითარება სხვაგვარი იქნება ოქტომბრის დასაწყისიდან. ზოგადად სექტემბრის მეორე ნახევრის შემდეგ ველოდებით გაუფასურების პროცესების დაწყებას, თუმცა საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერევა.

ის, რომ ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ვერ შედგა, იმპორტისა და მოხმარების შემცირებას იწვევს. ამას ერთვის ადგილობრივი აგროპროდუქტების ბაზარზე შემოსვლა და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ლარი არ უფასურდება. 

რაც შეეხება მკვეთრ გაუფასურებას წლის ბოლოსკენ, ამას ცხელი პოლიტიკური შემოდგომის გამო, სავარაუდოდ, არ დაუშვებენ. ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსი სტაბილურობა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს. ვფიქრობთ დეკემბრამდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიხლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა. 

ლარის გაუფასურების პრევენციისათვის, მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა, არაერთხელ გადადგა ნაბიჯი, რომლის კატეგორიული წინააღდეგიც ბოლო წლების განმავლობაში თავად იყო. სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით, სებ-მა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა, რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა. მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი 3 მილიარდ 616 მილიონი აშშ დოლარია.

"თიბისი კაპიტალის" ივნისის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსის გავლენას ეხება ნათქვამია, რომ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება, ნაკლებად სავარაუდოა. "თიბისის" მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბლუაშვილი ამ მოლოდინის სამ ფაქტორს ასახელებს:

„ვალუტის კურსზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ: პირველი ეს არის საგარეო შემოდინებები. ამ კუთხით, ჯამურად რომ შევხედოთ, დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის დანაკლისს ველოდებით. აქედან ტურიზმის მოლოდინი შედარებით გაუარესებულია, თუმცა პოზიტიური დინამიკაა გზავნილებში და ექსპორტში. ჯამურად ვარდნის მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, არ შეგვიცვლია. ტურიზმის ვარდნის ეფექტს თითქმის სრულად აბალანსებდა იმპორტის შემცირება, რაც აპრილი-მაისში დაახლოებით 35-40%-ის ფარგლებში იყო და ამასთანავე ეროვნული ბანკის ინტერვენციები იმ დანაკლისს, რაც ამ თვეებში წარმოიშვა, აკომპენსირებდა.

შემდგომ თვეებში შიდა მოთხოვნის აღდგენა უფრო სწრაფი იქნება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს დანაკლისი ცოტათი გაიზარდოს, რადგან იმპორტის ზრდის ტემპი, ჩვენი ვარაუდით, მცირედით აღდგება და ამ დანაკლისის კომპენსირება, სავარაუდოდ, მოხდება ეროვნული ბანკის მხრიდან, რადგან ის მოზიდული სახსრები, რაზეც მთავრობა უკვე დიდი ხანია საუბრობს, საკმარისი იქნება, რათა ეს 1.5 მლრდ დოლარიანი დანაკლისი შეივსოს. ერთი ფაქტორი ეს არის, რის გამოც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზეწოლას არ ველით

მეორე ფაქტორი - საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი გამყარებულია და ისევ ძალიან გამყარებული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე პიკიდან ქვემოთ ჩამოვიდა. არ არის მოლოდინი რომ დოლარის დამატებით გამყარება იქნება, რაც რეგიონის ვალუტებზე და შემდეგ უკვე ლარზე ზოწოლას მოახდენს; 

ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ლარის შეწონილ კურსზე რეგიონის ქვეყნების ვალუტებთან, რასაც ეფექტურ კურსს ვეძახით. ეფექტური კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან ტრენდთან შედარებით ისევ გაუფასურებული რჩება, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებითი გაუფასურება ინფლაციის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - აღნიშნა ,,საქმიან დილასთან“ ალექსანდრე ბლუაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი აგრძელებს დოლარის მიწოდებას სავალუტო ბაზარზე. ბოლოს სებ-მა 20 მლნ დოლარი მიმდინარე წლის 2 ივლისს გაყიდა. ეს უკვე ცენტრალური ბანკის წელს განხორციელებული რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა. წელს ჯამში ცენტრალურმა ბანკმა 200 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×