სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    25.02.2011

    ნავთობის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ნედლეულის გაძვირებას სპეციალისტები არა მხოლოდ პოლიტიკურ არეულობებს, არამედ განვითარებად ქვეყნებში მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ. არ არის გამორიცხული, რიგ სახელმწიფოებში ნავთობის გაძვირებამ კრიზისის მორიგი ტალღა გამოიწვიოს. რაც შეეხება საქართველოს, გარეფაქტორების მიმართ ქვეყანა განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ნებისმიერი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე ადეკვატურ ასახვას პოულობს. ბოლო კორექტირება ნავთობის ფასმა დაახლოებით 2 კვირის წინ განიცადა. ექსპერტთა ვარაუდით, ფასების ზრდის დინამიკა ნავთობპროდუქტების გაძვირებას აქაც გამოიწვევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.02.2011

    ბოლო 4 წელიწადია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ოდენობა მუდმივად იკლებს. ამჯერად 58-მილიონიანი გარღვევა გვაქვს. სავალუტო ფონდის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში, დაახლოებით, 600 მილიონი დოლარის პირდაპირი, უცხოური ინვესტიცია შემოვიდა მაშინ, როდესაც უკიდურესად კრიზისულ 2009 წელს 658,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით 5-წლიანი ჩამორჩენა გვაქვს, ვინაიდან ასეთი კრახი საქართველოს 2005 წლის შემდეგ არ განუცდია.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.02.2011

    ლარის კურსის გამყარებისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად პროდუქტზე ფასები არა თუ შემცირდა, არამედ ინფლაციის შეჩერებაც კი ვერ ხერხდება. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის შესაჩერებლად მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა შედეგს გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით კი, რომ არა ეროვნული ბანკის ძალისხმევა ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.02.2011

    მაღალი ინფლაცია ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ექსპერტების განცხადებით, ბიუჯეტი გაზრდილი ინფლაციის პირობებში დამატებით შემოსავლებს იღებს, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა ეკონომიკის განვითარებაზე მიუთითებს. 2011 წელს განსაკუთრებით იზრდება დამატებული ღირებულებიდან მისაღები შემოსავლები, რომელიც მთავრობამ მაღალი ინფლაციის ხარჯზე დაგეგმა.

    მარი ჩიტაია
    19.02.2011

    ლარის კურსის დაჭერა ქართული სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა, რითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ინფლაციური პროცესების მოთოკვა. ამ ეტაპზე 1 დოლარის ღირებულება 1,76 ლარს უტოლდება. საბანკო სფეროს ექსპერტების განმარტებით, ეროვნულ ბანკს ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაუჯდება. მისი ძალისხმევით ნეგატიური პროცესების შენელება მცირედით შესაძლებელია, თუმცა გაწეული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად მაინც ვერ იქნება შედეგის მომცემი. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს მოდელი საქართველოში არ მუშაობს და, ამდენად, გაუარესებული სოციალური მდგომარეობის მქონე ქვეყნისთვის არ არის ეფექტის მომცემი თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.02.2011

    მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება. პირველად 2 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება ინფლაციის გაზრდას უკავშირდება. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება. ინფლაციური რისკების შესამცირებლად ბანკი ზაფხულიდან მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. თუმცა, ამგვარ ძალისხმევას ინფლაციის შემცირებაზე ჯერ მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება ლარის მასას, ამ დროისთვის მიმოქცევაში 1,4 მილიარდი ლარი ტრიალებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.02.2011

    მარტიდან 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 60 ლარს გადასცდება. ხორბლის იმპორტიორების ერთი ნაწილის განცხადებით, იანვრის შემდეგ ფოთის პორტში 1 ტონა ხორბალი 75 დოლარით გაძვირდა. შესაბამისად, გაძვირდება პურიც. თუმცა, სხვა მსხვილი იმპორტიორები საპირისპიროს ამტკიცებენ. "აგრიკომის" დამფუძნებელი კოკი ოსიპოვი აცხადებს, რომ საქართველოში პურისა და პურპროდუქტების გაძვირება უახლოეს ხანებში მოსალოდნელი არ არის.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.02.2011

    იმ დროს, როდესაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს, მონეტარული ბერკეტების გამოყენებით, მიმოქცევიდან ჭარბი ფული ამოიღოს და როგორმე ინფლაცია შეაჩეროს, მთავრობა მიმოქცევაში "დაუმსახურებელ" ჭარბ ლარს უშვებს და ინფლაციის სტიმულირებას ახდენს. თებერვალში, იანვართან შედარებით, მიმოქცევაში ლარის მასა 171 მილიონი ლარით შემცირდა, შესაბამისად, ამ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში, თითქმის 4 პუნქტით გამყარდა. ექსპერტების განცხადებით, მიმოქცევიდან ეროვნული ვალუტის ამოღება ინფლაციის შეზღუდვის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი გზაა.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.02.2011

    ფინანსთა სამინისტრომ პირველად ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო უფრო ხანგრძლივი ვადით გაყიდის და სახელმწიფო ბიუჯეტს მისი საპროცენტო მომსახურება ასევე გაცილებით ძვირი დაუჯდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახაზინო ობლიგაციები საკმაოდ მაღალ, 12,8%-ად იყიდება. სპეციალისტების განცხადებით, მთავრობა დღევანდელი საჭიროებების დასაფინანსებლად იღებს ვალს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მისი დასაფარი აღარ იქნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.02.2011

    დონალდ ტრამპის მიერ აშენებულმა მდიდრების უბანმა "ჩაილურის წყალი" დალია. ხელისუფლების შარშანდელი განცხადებების მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერ საქართველოში მიწების საყიდლად და ინვესტიციების დასაგეგმად არც ტრამპის წარმომადგენელი ჩამოსულა და არც თვითონ ტრამპი, არც ტრამპის ყოფილი ცოლი ივანა ტრამპი.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.02.2011

    გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება. მისი ფუნქციები ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს გადაუნაწილდებათ. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ჩამოერთმევა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის ლიცენზიების გაცემის უფლება და ეს ფუნქციაც ენერგეტიკის მინისტრს გადაეცემა. ექსპერტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, პრემიერი ნიკა გილაური საკუთარი ლობირების ქვეშ მყოფ ენერგეტიკის სამინისტროს გააძლიერებს, რომელიც, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.02.2011

    ეკონომიკის სამინისტრო ტყის მასივის კიდევ 5%-ს გაიტანს აუქციონზე. ამ დროისთვის, კომერციული ტყის მასივების 15% უკვე ათვისებულია. რა შემოსავალს იღებს სახელმწიფო აწ უკვე გაჩეხილი ტყეებიდან, ეს ინფორმაციაც, თურმე კომერციულია და სახელმწიფო უწყებებს მისი გაცემის უფლება არ აქვს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter