ია აბულაშვილი
12.02.2020

"ჯერ კიდევ ცხოვრებაში აქა აუგეს ეკლესია დავითს მსახურებისთვის. მე-9 საუკუნეში სხვა გაჩნდა, ქვისა, ივერიის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი და მონასტრად სახელდებული, ათონელი ბერების გამგეობაში მყოფი" - ასე აღწერს პლატონ იოსელიანი მამადავითის მთაზე პირველი ეკლესიის აშენებას.

მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს მამადავითის პირველი ეკლესიის აშენების შესახებ. თქმულების თანახმად, თბილისელ ქრისტიანებს ეკლესიის ასაშენებლად თითო ქვა აუტანიათ მთაზე ჩადენილი ცოდვების მისატევებლად. ტაძრის ისტორია კი მე-6 საუკუნეში ანტიოქიიდან ჩამოსულ ასურელ მამისგან ერთ-ერთს, დავით გარეჯელს უკავშირდება.

ასურელი მამა დავითი ამ მიდამოებში მღვიმეში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც თბილისი დატოვა და გარეჯში დამკვიდრდა, ამ ადგილას დარჩა სალოცავი. მე-9 საუკუნეში ამ მთაზე იდგა ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომ ათონის მთის მსგავსად, მამადავითს მეორე სახელი, მთაწმინდა დაერქვა.

მე-10 საუკუნეში მთაწმინდაზე აიგო ახალი მონასტერი, რომელიც მე-13-14 საუკუნეებში აღარ არსებობდა. 1542 წელს ძმები გაბაშვილების თაოსნობით ტაძარი აღსდგა, მაგრამ ღვთისმსახურება მალევე შეწყდა. 1810 წელს თბილისელთა შემოწირულობით აიგო ტაძარი "სახელისა ზედა ღირსი მამისა დავით გარეჯელისა". ტაძარმა ამ სახით 1857 წლამდე იარსება, შემდეგ ძველი ეკლესია დაანგრიეს და ახალი ეკლესიის მშენებლობას საძირკველი 1859 წელს ჩაეყარა. მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა. ტაძარი 1871 წელს აკურთხეს.

აყოველ წელს, წმინდა დავით გერეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. ეს დღე თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილიდან იწყებოდა მთაწმინდისკენ საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმი გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

იმ ადგილას, სადაც მამა დავითის სენაკი იდგა, დღესაც ჩამოედინება წყარო. ლეგენდის თანახმად, თბილისის მიტოვების წინ მამა დავითმა ღმერთს შესთხოვა, რომ ამ მთაზე მკურნალი წყალი ამოსულიყო, რომელიც უშვილო ქალებს შვილოსნობას მიანიჭებდა; განგებამ თხოვნა აუსრულა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×