ია აბულაშვილი
13.02.2020

ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ათონის ბერების მოწმობით ყველაზე საკვირველმოქმედი ხატია და დადი სიყვარულით სარგებლობს წმინდა მთაზე. მის საპატივცემლოდ ყოველ წელს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, იმართება დღესასწაული.

ხატს ლიტონიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც საუკუნეების წინ ხატი პირველად გამოაბრძანა ღირსმა მამა გაბრიელმა. ღვთისმშობლის ეკლესიაში აღესრულება საღმრთო ლიტურგია.

როგორც ათონის მთის ბერები ამბობენ, აურაცხელია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიდან მომდინარე კურნებანი და საკვირველისანი, იგი ნუგეშის გარეშე არავის ტოვებს და თავის კალთას გადააფარებს.

საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ხატის წინ დღესაც ჰკიდია მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ხატის მოვლა- პატრონობა ევალება ღვთისმოსავ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს საძმო. იგი ყველა საქმისგან თავისუფალია და დღე და ღამე ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა -ლოცვას და პარაკლისს ღვთისმშობლის სადიდებლად.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარობელის მიერ არის დაწერილი. ხატის ზომა სიგრძეში 1,37 მეტრია, სიგანე 0,9 მეტრი. მთლიანად მოჭედილია ოქროვერცხლით, შემკულია ძვირფასი ქვებითა და სამკაულით. ხატი მოუჭედავს ქართველ ოსტატს, ქაიხსრო ჯაყელის სახსრებითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის თაოსნობით.

ღვთისმშობელის სახეს ატყვიია სისხლიანი ჭრილობა, რომელიც მას ბიზანტიის იმპერატორის თეოფილეს მმართველობის დროს, ხატმებრძოლებმა მიაყენეს.

ათონის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც "კარის მცველს: "კარიბჭის ღვთისმშობლის ხატს" და "მწყალობელს" უწოდებენ, საბერძნეთში, ათონის მთაზე ივერიის მონასტერში 999 წლიდან არის დავანებული.

ბიზანტიის იმპერატორის თეოფილეს მმართველობის დროს, როდესაც დაიწყო ხატმებრძოლობა, ქალაქ ნიკეას მახლობლად ცხოვრობდა ქვრივი ქალი, რომლის სახლშიც იმპერატორის მსტოვრებმა აღმოაჩინეს ეს ხატი და შემუსრეს. როდესაც ხატის საბოლოო განადგურება გადაწყვიტეს, ქალმა სთხოვა, რომ დილამდე მასთან დაეტოვებინათ და თაანც შეპირდა, რომ მისცემდა იმ თანხას, რასაც მოითხოვდნენ.

ქვრივმა იმავე ღამეს, მტარვალთა შეურაცხყოფისაგან დასაცავად ხატი ზღვის ნაპირას წაიღო, უფლას შესთხოვა, რომ ზღვაში არ ჩაძირულიყო და ხატი ზღვაში შეაცურა. სასწაულმოქმედი ხატი წყალზე არ დაცემულა, ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და გაცურა. არვინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი.

მე-10 საუკუნის დამდეგს დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბრწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე.

ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან. ბერები ნავით მიუახლოვდნენ ხატს, მაგრამ იგი განეშორა მათ და მისი სინათლე მხოლოდ ჰორიზონტზე ჩანდა, სადაც ზღვა ცას უახლოვდება. ათონის ყველა მსახური ზღვასთან შეიკრიბა, პარაკლისს უხდიდნენ ღვთისმშობელს, მონასტერში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადაგა ვნების შვიდეული, წმინდა მთა გოლვის ძაძებით შეიმოსა და ყველა ცოდვებს ინანიებდა.

იმხანად ივერიის მონასტრის მახლობლად, მიუვალ მთაზე განმარტოებულ სენაკში ცხოვრობდა განდეგილი ბერი გაბრიელი, ტომით ქართველი. მას ღვთისმშობელი ძილში გამეცხადა და უთხრა: "აუწყე წინამძღვართ და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა, შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულს და წყალობას".

ამ ხილვის შემდეგ, მეორე დღესვე გამთენიისას ივერთა მონსტრის მამები გალობით, საკმეველის კმევით და ლიტონიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღვთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი და ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომელიც თროლვით გამოიტანა ხმელეთზე.

ბერებმა ხატი იქვე სამლოცველში დააბრძანეს. იქ სადაც გაბრიელმა ხატი პირველად დაასვენა ამოსჩქეფა საკვირველმოქმედმა წყარომ. ეს წყარო დღესაც მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.

ხატი დააბრძანეს დიდი ტაძრის საკურთხეველში. მეორე დღეს ცისკრის ლოცვისას ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე არ დახვდა, ბევრი ეძებეს ბერებამ და მონასტრის კარიბჭესთან მიაგნეს. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა.

ღვთისმშობელი ისევ ესიზმრა გაბრიელს და უთხრა: "გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად არ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა. თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. რამეთუ მე გამოვითხოვე მეუფისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად. ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა".

ბერებმა ყოვლადწმინდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და საკვირველმოქმედი ხატი დაასვენეს. გადმოცემის თანახმად, სანამ კარიბჭის სასწაულმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს, ჯოჯოხეთის ძალები კი ვერას დააკლებენ. მაგრამ დადგება დრო და ხატი ისეთივე იდუმალი გზით გაუჩინარდება. ეს იქნება სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (9)
ჩაწერა სახელი
მარინა14.02.2020   (14.02.2020)
დიდება შენყოვლად წმინდა ღვთსმშობელო დედაო,დაგვიფარე და დაგვიცავი,დიდება უფალს უკუნითი უკუნისამდე ამინ,უფალო შეგვიწყალენ ჩვენ!

მანანა   (14.02.2020)
დიდება შენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელო დედაო.დიდებაუფალს უკუნითი უკუნისამდე ამინ ამინ ამინ

ლი   (14.02.2020)
დიდება ღვთისმშობელს!

ჯემალი   (14.02.2020)
დიდება შენდა უფალო იესო ❤❤❤

რუსუდანი   (14.02.2020)
დაგვიფარე ღვთისმშობელო. დიდება შენდა უფალო

ლაშა   (14.02.2020)
ამინ

მარინა   (14.02.2020)
ნახევარი საუკუნე გავიარე ამ რთულ გზაზე ბევრჯერ ცოდვით დავეცი, ღვთისმშობელო, შენი კალთა დამაფარე აღსარების სინანული მომეცი. განმარიდე უღმერთოს და ფარისეველს ლოცვით, მადლით, სიმდაბლით და რწმენითა, მომიხსენე მე უფალო სასუფეველს ოდეს მოხვალ სუფევითა შენითა.

მარინა   (14.02.2020)
დიდება უფალს.

გრიშა მალაზონია   (13.02.2020)
დიდება უფალს, ამინ....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×