ია აბულაშვილი
08.05.2020

წმინდა მამები ხელსაქმეს წმინდა საქმედ მიიჩნევდნენ. ძირითადი კერები სწორედ ეკლესია-მონასტრებში იყო გახსნილი. მონასტრის მქარგველები სამუშაოს შესასრულებლად ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვლედმსახურნი ლიტურგიის აღსავლენად. დილით ადრე, უზმოზე, ჯერ ლოცვას იტყოდნენ იმ წმინდანის მიმართ, რომელიც უნდა მოექარგათ; ქარგვისას კი ფსალმუნს კითხულობდნენ.

საეკლესიო ნაქარგობის დიდოსტატები ყოფილან თამარ მეფე, რომელიც თავის ნახელავს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა. "ხელით საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა ხელსაქმარის და მისცეს არა სამეფოდ შემოსავალთაგან" - წერს თამარის მემატიანე. ასევე როსტომ მეფის მეუღლე მარიამი, თეიმურაზ მეფის მეუღლე დედოფალი ანა და სხვა დიდებულები.

ქართული საკელესო ნივთების უნიკალური ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე მოღწია, დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. მათ შორის ერთ-ერთია დაფარნათა მდიდარი კოლექცია. დაფარნა-გადასაფარებელი, წმინდა მამების ცნობით, იმ ლოდის სიმბოლოა, რომელიც ქრისტეს საფლავს მიაფარეს. იგი სამი ნაწილისგან შედგება ერთი-ბარძიმისთვის, მეორე ფეხშუმისთვის, მესამე საერთო საფარველია.

მცირე დაფარნები იმ სახვევის სიმბოლური გამოსახულებაა, რომელშიც ახალშობილი მაცხოვარი შეახვიეს და ბაგაში მიაწვინეს. დიდი დაფარნა- სიმბოლო, რომელშიც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარის გვამი "წარგრაგნეს". ეკლესიაში "მრწამსის" გალობისას დიდი დაფარანის რხევა ბარძიმ-ფეხშუმის თავზე, სულიწმინდის ძალის და მადლის ფრქვევას და მაცხოვრის აღდგომას მოასწავებს. საქართველოში დაფარნის ხმარება მე-5 სუკუნიდან იწყება და წმინდა საბა განმწმენდელის სახელს უკავშირდება.

თავიდან დაფარნას ჯვრებით რთავდნენ-ქარგვდნენ, შემდეგ მას დაემატა სხვადასვა კომპოზიცია, მაგალითად "ნუ მტირ, მე დედოა" და "მიძინება". დაფარნის უძველესი და უიშვიათესი ნიმუში, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, ვახტანგ მეხუთის ძეს ლევან ბატონიშვილს გარდაცვლილი მეუღლის თუთა გურიელის სულის მოსახსენიებლად შეუწირავს სვეტიცხოვლისთვის.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×