ია აბულაშვილი
17.05.2020

ქურმუხის წმინდა გიორგის  ეკლესია აზერბაიჯანში, ისტორიულ საინგილოში, კახიდან 2 კმ-ში მდებარეობს. მისი აშენების თარიღზე ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა პირველად იგი მოხსენიებულია მაღალაშვილისეული სახარების მინაწერში, რომელიც 1310 წლით თარიღდება. მკვლევართა ვარაუდით, ეკლესია მე-13 საუკუნის დასასრულს არის აშენებული.

1614-1617 წლებში, შაჰ-აბასის შემოსევების დროს, ეკლესია დაინგრა. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში კი, „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანების აღმდგენი საზოგადობისა“ და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერით, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი აღდგა.

ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა დიდი ხანი აგროვებდა ფულს ტაძრის ხელმეორედ ასაგებად. შეგროვებული თანხა - 600 მანეთზე მეტი და შემომწირველთა სია მღვდელ მიხეილ ყულოშვილთან ინახებოდა. ეს დოკუმენტი დღეს დაკარგულია. თავად ორგანიზაციამ ტაძრის აღსადგენდა 3 ათასი რუბლი გაიღო. ახალი ტაძარი დააპროექტა უცხოელმა არქიტექტორმა ბილფელდმა.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1891 წელს და დასრულდა 1894 წელს. სამწუხაროდ, საინგილოს ქართველების მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავი წელიწადში მხოლოდ ორჯერ -  გიორგობაზე იღება ადგილობრივი მომლოცველებისთვის და აღესრულება პარაკლისი.

ქურმუხის ეკლესიის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ ადგილობივ ქართველ მოსახლეობაში რამდენიმე ლეგენდა და თქმულებაა შემორჩენილი.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, მარიამ დედა (ასე ეძახიან საინგილოში ღვთისმშობელს) აღებს ტაძრის ქვემოთ მდებარე გამოქვაბულის კარს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმებს ივარცხნის. ამ დროს გამოფრინდება შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს იწყებს. მას ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები.

ერთხელ აღდგომის დღეს ჩვეულებისამებრ გამობრძანებულა ღვთისმშობელი და ნაწნავებს ივარცხნიდა, რა დროსაც ურჯულო მიეპარა და დაჭერა განიზრახა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშეშდა. მარიამ დედა კი გამოქვაბულში შებრუნდა და კარი ჩარაზა. დიდხანს ევედრა ურჯულო ღვთისმშობელს და წმინდა გიორგის, განეკურნათ, რაც მართლაც მოხდა და ამის შემდეგ მან ქრისტიანობა მიიღო.

ერთ ურწმუნო ვაჭარს კი, რომელსაც თავისი ქარავნით ქურმუხის ეკლესიასთან გამოუვლია, ტაძრისთვის სათანადო არც პატივი მიუგია და შეურაცხყოფაც მიუყენებია. მაშინვე წმინდა გიორგის ვაჭარიც და მისი აქლემების ქარავანიც გაუქვავებია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×