ია აბულაშვილი
28.06.2020

„ლიახვის გაღმა არს ნიქოზის ეკლესია ღვთაებისა, დიდი გუმბათიანი, აღაშენა გორგასალმან“ - ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ნიქოზის ეკლესიას, სადაც გადმოცემით „ძელი ჭეშმარიტებისა“ ინახებოდა. ეს ჯვარი ვახტანგ გორგასალს იერუსალიმის პატრიარქმა ძღვნად მიართვა, რომელსაც წარწერაც ჰქონდა. თამარ მეფის ასულმა დედოფალმა რუსუდანმა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა. ჯვარი 1799 წელს დაიკარგა.

გარდა ამ ჯვრისა, ნიქოზის ეკლესიაში სხვა მრავალი სიწმინდეც ინახებოდა, რომლის შესახებაც აქტიურად წერდა მე-19 საუკუნის ქართული პრესა. 1890 წლის აგვისტოს ნომერში გაზეთ „ივერიაში“ ასეთ ცნობა გამოქვეყნდა:

„დიდ ვახტანგ გორგასლისგან აშენებულ 1500 წლის ზემო ნიქოზის დიდებულ ტაძარში არის ერთი ძველთაძველი ხატი მიძინებისა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა. ხატი არ არის დიდი ზომისა, სიგრძით აქვს ცხრა და სიგანით რვა გოჯი. ეს ხატი გარშემო ვერცხლით არის მოჭედილი და ზედ აქვს მხატვრული ასოებით წარწერა.

„თვით ხატი ფიცარზე არის დახატული და სიძველის ნიშნები აქვს, უნდა ეკუთვნოდეს მე-9-11 საუკუნეებს. ხატის გარშემო შემოჭედილი ვერცხლია დასევადებული და ზედ დიდი ხელოვნებით დახატულია თორმეტი საუფლო დღესასწაული. ეტყობა ეს ხატი წინად შუა ეკლესიაში დასასვებენ ხატად ყოფილა, რომელსაც საუფლო დღესაწაულებზე გამოასვენებდნენ შუა ეკლესიაში“, - წერდა „ივერია“.

ნიქოზის ეკლესიაში დაცულ საეკლესო ნივთების შესახებ კი ცნობას გვაწვდის გაზეთ „ივერიის“ 1889 წლის ივნისში გამოსული ნომერი, სადაც წერია, რომ „ნიქოზის ტაძრის მღვდელს დავითაშვილს უპოვია ამ ტაძრის კედელში ორი საჟენის სიმაღლეზე ძველი ნივთები - „არქიელის კვერთხი სამ ნაჭრად დასაშლელი, ძლიერ დაძველებული; წიფლის, მაუდის და ერთი სპილენძის ალთაფი, რომელსაც ქართული წარწერა აქვს“ - წერდა გაზეთი „ივერია“.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×