ია აბულაშვილი
30.06.2020

ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს ქართლში მდინარე ჭერათხევის ერთ-ერთ ხეობაში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ულუმბოს დაუარსებია მიქაელ ულუმბოელს, ასურელ მამათაგან ერთ-ერთს. „ჭერთახევის... სერს ზეით არის მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქაელ იგ (13) მამათაგანის ქმნილი, და დაფლულ არს მიქაელ მუნვე ზის წინამძღვარი“ - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

მიქაელ ულუმბოელი ერთ-ერთი ათცამეტი მამათაგანი ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან მე-6 საუკუნის შუა წლებში, იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნიდან საქადაგებლად წმინდა მიქაელ ულუმბოელი დაემკვიდრა სოფელ ულუმბოს ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. მონასტერი შემოსევების დროს, არაერთხელ დაინგრა, რის გამოც მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყარეობი დაკარგულია. მიქაელ ულუმბოელი მის მიერვე აშენებულ მონასტერშია დაკრძალული.

ულუმბოს მონასტერი მოხსენიებულია ამირეჯიბთა სიგელშიც, რომელშიც მოთხრობილია მე-13 საუკუნეში მომხდარი ამბავი - გამარჯვება ჯალალ-ედ-დინთან. ბრძოლის დროს, ამირეჯიბს ხელთ უგდია ჯალალ-ედ-დინის სეფე დროშა და იგი შეუწირავს ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისთვის. ულუმბოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი კი თავად ქართლის სამეფო ოჯახს შეუწირავს ულუმბოს ეკლესიისთვის 1390 წელს, როდესაც დაბადებულა ალექსანდრე ბატონიშვილი და თავის ხელით მიუტანიათ მონასტერში: „მოუტანია  საქონელი ურიცხვი და შესაწირი“ - წერია ამირეჯიბთა სიგელში.

ამირეჯიბის გვარის სიგელით დასტურდება ისიც, რომ ულუმბოს მონასტერი თემურ ლენგის ლაშქარს დაურბევია, რომელიც 1400-1415 წლებში ისევ აღუდგენიათ. 

1871 წელს ულუმბოს მონასტერი თავიდან ააშენეს და მღვდელმსახურებაც განაახლეს. ეკლესიის აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე დღესაც შემორჩენილია მე-10 საუკუნის შვიდ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე გვირგვინოსანი ცამდე ამაღლებული ოძლეველი გიორგი მეფე“. ნაგულისხმევია მეფე გიორგი პირველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×