ია აბულაშვილი
12.07.2020

გელათის მონასტრში, სადაც უამრავი სიწმინდე იყო დაცული, დავით აღმაშენებელს ბევრი რელიკვია შეუწირავს. გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის ფრესკაზე მეფეს მარცხენა ხელში ტაძრის მაკეტი უპყრია, მარჯვენა ხელის თითზე კი სამეფო ბეჭედი უკეთია. გადმოცემის თანახმად, დავითს ეს ბეჭედი სახელმწიფო ბეჭდის ნაცვლად ჰქონია, როცა რომელიმე სიგელს აწერდა ხელს. ბრძოლაში შესვლის წინ კი ჯერ ამ ბეჭედს ეამბორებოდა, მერე თავს ახდიდა და სანაწილეში მოთავსებულ წმინდანთა ნაწილებს შეწევნას სთხოვდა. ისტორიკოსთა აზრით, დავთის ბეჭედში მოთავსებული უნდა ყოფილიყო ძელი ჭეშმარიტების ნაწილი და წმინდა გიორგის ნაწილი. ბეჭდის ზედაპირზე კი, რომელიც ამობურცული და ოქროთი დაფერილი იყო, სიღრმეში ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი იყო ამოტვიფრული.

1904 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს. სხვა სიწმინდეებთან ერთად გაიტაცეს აღმაშენებლის ბეჭედი, რომელიც დღემდე დაკარგულია. მაშინ აკაკი წერეთელს უთქვამს "ბევრი რამ მამა-პაპათა ნაანდერძავი დღეს დაკარგული-დავიწყებული მიგლოვია, მაგრამ არც ერთი ისე არ დამსობია გულზე, როგორც ეს უკანასკნელი უკუღმართობაო".

გელათის ერთ-ერთი პირველი განძი, რომელიც მეფემ მონასტერს შესწირა, იყო ძელი ჭეშმარიტებისა, რომელსაც შემდეგ წმინდა ნაწილები ჩამოაჭრეს და გარდამოხსნის ხატში ჩაასვენეს. წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი კი, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც გელათში ინახებოდა, სწორედ დავითის შეწირულია. ლაგამი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ხისგან არის დამზადებული.

აღმაშენებლის მიერ გელათვისთვის შეწირული ერთ-ერთი უიშვიათესი განძია დარუბანდის კარები. ლეგენდის თანახმად, ერთი ქართველი ვაჭარი დარუბანდაში ლეკებმა გაძარცვეს, ლეკთა მეთაურს ვაჭრისთვის დაუცინია, "წადი და სამართალი შენს მეფეს დავითს სთხოვეო", რაზედაც ვაჭარს უპასუხია "დავითს რომ ვუთხრა, საქმე ცუდად წაგივაო". "რას მიზამს, დარუბანდის კარები არ ჩამომიხსნასო" - უპასუხია ვაჭრისთვის გაბრაზებულ ლეკთა მეთაურს.

ეს რომ დავით მეფემ გაიგო, შეუკაზმავს ათასი ცხენი, თითოეულს აჰკიდა ორ-ორი კიდობანი და შეირაღებული ჯარისკაცები ჩასვა. ყოველ ცხენს მხედრულად გადაცმული ვაჭარი დაუდგინა და დარუბანდისკენ გაისტუმრა, თვითონაც თან გაჰყვა. ლეკების ბელადთან კაცი გააგზავნა, საქონელი მომაქვს გასაყიდად და კარები გამიღეო. ღამით შეიარაღებული ქართველები კიდობანებიდან ამოძვრნენ, ერთიანად გაავლეს მუსრი ლეკებს და დარუბანდაც აიღეს. დავითმა რკინის კარების ჩამოხსნა ბრძანა. გელათში ჩამოიტანა და დარუბანდის კარები მონასტრის სამხრეთ კარიბჭეში ჩადგეს. ამ ამბავს აღწერს დავითის მემატიანე "1124 წელს დავითის მეომარნი დაესხნეს შაბურანს დარუბანდელსა და მოსწყვიტეს ქურდნი ლეკნი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×