რეზონანსი
03.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის დისკრედიტაცია იგეგმება. 

თამაზაშვილის თქმით, ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსიით ცდილობენ თამარ ბაჩალიაშვილი შეურაცხად პიროვნებად წარმოაჩინონ. 

"რამდენადაც გავიგე ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ, რაც არ უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემ შვილს და 12 წლის ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რომელიც არ უნდა მიეცათ. ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა. ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა. ჩემ შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად პატიოსანი იყო", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის ოჯახს არც იმის სჯერა, რომ თეთრიწყაროს საკალმახესთან არსებული კამერები 4 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. 

კითხვაზე - ელოდება თუ არა რაიმე ხელისშეშლას სამართალდამცველების მხრიდან ხვალინდელ აქციაზე, თამაზაშვილმა თქვა, რომ ელოდება. 

"არც ის მჯერა, რომ საკალმახეში 4 წლის განმავლობაში კამერები არ მუშაობდა. ჩემი შვილი ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ რომ ყოფილიყო მოკლული, იმას მაშინვე იპოვიდნენ. აღარაფერს ველოდები, აქამდე ველოდებოდი გახარიას, მაგრამ მან სრული იგნორი გამომიცხადა და გამოძიების იმედი არ მაქვს. ხვალ გამოჩნდება რა იქნება. საპატრულოს საქციელიც გამოჩნდება - იმედია ყველა ჟურნალისტი იქნება. საქართველოს ხალხის იმედი მაქვს", - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა". 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა. 

რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახეს, რომლის ტერიტორიაზეც ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლის ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან, მის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×