რეზონანსი
11.08.2020

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მამას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა.

„საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი, როდესაც მინისტრი ხვდება მისთვის დაქვემდებარებულ ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ექიმებს და ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის პაციენტების უსაფრთხოება და კონკრეტულად ამ პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამიტომ, არავის გაუკვირდეს, რომ მე შევხდი პაციენტის მამას და მის უფლებადამცველებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის მკურნალობის ყველა შესაძლებლობას განიხილავს.

„მამის მხრიდან იყო სრულად აღწერილი ის განცდა და მდგომარეობა, რაშიც ოჯახი დღეს იმყოფება. მისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში საკუთარი შვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლო გამოსავალსა და ქმედებების განხორციელებაზე, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ პაციენტთან მიმართებაში. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან გამოითხოვს პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვიხილავთ ყველა იმ შესაძლებლობას, თუ სად შეიძლება გაგრძელდეს პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია. თუ კორონავირუსის პანდემია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ვიმსჯელებთ რომელ კლინიკაში გააგრძელებს პაციენტი მკურნალობას. ეს იყო პირველი და უმნიშვნელოლვანესი საგანი რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ. ასევე იყო სხვა საკითხი განხილული და ეს შეეხებოდა ექსპერტიზის საკითხს. ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ მობილიზაცია ყველა იმ საექსპერტო ჯგუფის რომელიც ჩაატარებს ექსპერტიზას და ზუსტად დადგინდება თუ ვინ არის უშუალო მონაწილე და ზიანის დადგომა რის გამო მოხდა", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×