რეზონანსი
20.09.2020

18 სექტემბერს ხაშურში, 37 წლის ბუხუტი წოწოლაშვილი შელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილოდ იმ კომპანიის მენეჯერმა დაჭრა, სადაც ახალგაზრდა კაცი რამდენიმე თვე ფიზიკურად მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, მას კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს და ამიტომ რამდენჯერმე მივიდა სამსახურში კუთვნილი ხელფასის ასაღებად. თუმცა უშედეგოდ. როგორც ირკვევა, იმ დღეს მისი მორიგი ვიზიტი იყო ანალოგიური მოთხოვნით და ამის გამო კომპანიის მენეჯერსა და წოწოლაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამბობენ, მენეჯერმა ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ამის მიუხედავად ბუხუტი წოწოლაშვილმა ტერიტორია რომ არ დატოვა და ისევ ანალოგიური მოთხოვნით მუქარა რომ გააგრძელა, მენეჯერმა უკვე მისი მისამართით პირდაპირ გაისროლა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა.

ბუხუტი წოწოლაშვილი ქარელის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობდა. ის სამი შვილის მამაა. მოკლულის მეზობელებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი კონფლიქტური ადამიანი არ იყო. მას დადებითად ახასიათებენ.

"ბუხუტის სამი ბიჭის დარჩა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის შვილებთან. 37 წლის იყო და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რადგან მეუღლესთან გაშორებული იყო. თუ არ ვცდები, ცოლთან კონფლიქტის გამო ციხეშიც აღმოჩნდა, მაგრამ მალე გამოვიდა. შვილები ხშირად იყვნენ მამასთან. იქ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. ტელევიზიით გავიგე მომხდარის შესახებ და ძალიან განვიცდი. ჩემს თვალწინ გაიზარდა. კარგი ადამიანი იყო, ზრდილობიანი. მისი მასწავლებელი ვიყავი და როცა შემხვდებოდა სულ ღიმილიანი სახით მომიკითხავდა. სკოლაშიც კარგი მოსწავლე იყო. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არ ვიცი. ძალიან უჭირს ოჯახს ეკონომიკურად. თავის ხელფასს ითხოვდაო. კონფლიქტი რომ ჰქონოდა ვინმესთან, ესეც არ გამიგიაა", - ამბობს ადგილობრივი ქალბატონი.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.09.2020)
პარლამენტარებო! ხელფასის დაგვიანებისთვის გასამმაგებული თანხით დ ა ჯ ა რ ი მ ე ბ ი ს კანონი შემოიღეთ, მონებივით ამუშავებენ, ფულს დაგვიანებით უხდიან და ძაღლივით მიუგდებენ საწყალ დაქირავებულს---რას უცდიდით ამდენ ხანს, ამ კაცის სიკვდილს? ახლა მაინც ამოიღეთ ხმა და კანონი აამოქმედეთ, დაიცავით დ ა ს ა ქ მ ე ბ უ ლ ი მოქალაქეები დამსაქმებლების უ ტ ი ფ რ ო ბ ი ს გ ა ნ. დიდი ჯარიმის შიშით--ალბათ, ხ ე ლ ფ ა ს ს დროულად გასცემენ ეს გარეწრები!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×