რეზონანსი
01.10.2020

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყებამ ჩხრეკა ჩაატარა. მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

„ამ დილას ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. არსებობდა რუკის ასლი, ორიგინალი ერევანში არის. ბოლო დროს აჟიტირებული თემაა, ვითომ ვიღაცისთვის ფართობების გადაცემა ან დათმობა ვინმეს სასარგებლოდ, აზერბაიჯანის სასარგებლოს. ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში", - განაცხადა ივერი მელაშვილმა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად ერთვის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×