რეზონანსი
19.10.2020

„დღეს ვართ ორი არჩევანის წინაშე, მთელ მსოფლიოში ასეა - პირველი - შემოვიღოთ ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები/აკრძალვები, თუ მეორე - ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ შემთხვევაში მართვა იქნება შედარებით მარტივი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება ეკონომიკა.

„მეორე შემთხვევაში მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს. ეკონომიკა, შეიძლება ასი პროცენტით არა, მაგრამ მაინც განვითარდება. მხოლოდ, სახელმწიფო სტრუქტურებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოვა. ევროპის ქვეყნების უმეტესობამ აირჩია პირველი გზა, მათ შორის ისრაელმა აბსოლუტური ლოქდაუნი გამოაცხადა, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა - ნაწილობრივი ლოქდაუნებ.

საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რიგი ფაქტორების გამო, მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით, ეკონომიკის ხელშეწყობის გათვალისწინებით, ასევე - საარჩევნო თავისებურებების გათვალისწინებით - წავიდეთ მეორე გზით, ანუ შეზღუდვები იყოს მინიმალური, მაგრამ ეს მეორე აუცილებლობა შეიცავს იმას, რომ სახელმწიფომ და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორმა თავის თავზე აიღოს მართვა ისე, რომ არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი.

მე მინდა გითხრათ დიდი კმაყოფილებით, რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეობაზე, გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაში.

ჩვენ წინაშე დგას ამოცანა - შეზღუდვების გარეშე შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მდგომარეობა; სიკვდილობის მაჩვენებელი იყოს ისეთი დაბალი, რომ მოსახლეობისთვის COVID19 გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს. ამას ეძღვენებოდა დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც დარიგდა მკაფიო მესიჯები, თუ როგორ უნდა გახდეს ეს შესაძლებელი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეფასებები, რომ გაზრდილი რაოდენობის პირობებში სიტუაციას ვეღარ ვმართავთ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მატება მოსალოდნელი იყო და ისევ წარმატებით მართვა გამოიხატება იმაში, რომ ისევ ისე დაბალია სიკვდილობა. არც ერთ პაციენტს არ უგვიანდება ტესტირება, პასუხი, ყველა პაციენტი შედის ექიმთან კონტაქტში", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×