რეზონანსი
21.10.2020

განათლებას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა ჩვენს ისტორიაში და ჩვენი საზოგადოების სწრაფვა ყოველთვის იყო, რომ გვქონოდა უფრო ძლიერი ქვეყანა და გვყოლოდა უფრო განათლებული საზოგადოება, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ისტორიული დღეა.

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან განხორციელდა ბევრი ახალგაზრდის, მშობლისა და ჩვენი თანამოქალაქის ოცნება, რომ საქართველოს ჰქონოდა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენივე ქვეყანაში სტუდენტებს მისცემდა კონკურენტულ განათლებას, გააცნობდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და საფუძველს ჩაუყრიდა ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებას. დღეს განხორციელდა ჩვენი წინაპრების ოცნებაც, რომ საქართველოს ჰქონოდა ძლიერი უნივერსიტეტი, ჰქონოდა ძლიერი აკადემიური საზოგადოება და ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო ძლიერად შეგვექმნა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. გაზაფხულზე აქ, ქუთაისში ერთ-ერთმა წარმატებულმა ფერმერმა მითხრა, რომ მისი შვილები ამთავრებდნენ სკოლას და ის ნერვიულობდა, რომ განათლების მისაღებად ისინი მიემგზავრებოდნენ ევროპაში. მან მითხრა, რომ ძალიან ბედნიერია და გახარებულია, რომ დღეს ევროპული დონის, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი იხსნება საქართველოში და მის ქალაქში, ქუთაისში. მე მინდა, შევუერთდე ჩვენი თანამოქალაქეების, უბრალო ადამიანების განცდას და იმ სიხარულს, რომელიც ამ მნიშვნელოვანი და მართლაც შთამბეჭდავი უნივერსიტეტის გახსნას ახლავს თან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს პროექტის დაფინანსებისთვის.

„მსურს მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას. და რა თქმა უნდა, ქველმოქმედება და მეცენატობა ამ უნივერსიტეტის აშენებისთვის ეს არის მამულიშვილური საქმე. მე მსურს კიდევ ერთხელ, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×