რეზონანსი
21.10.2020

ინფიცირების ტემპი იზრდება. მსოფლიოში შემთხვევების რიცხვმა 41 მილიონს გადააჭარბა. ეს ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ეს პროცესი ვმართოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს ყველანი ვართ მეორე ტალღის ფაქტის წინაშე და ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ეს მეორე ტალღა არის ჩვენს სამეზობლოშიც, რეგიონშიც და მსოფლიოშიც. ინფიცირების ტემპი იზრდება. მსოფლიოში შემთხვევების რიცხვმა 41 მილიონს გადააჭარბა. ეს ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ეს პროცესი ვმართოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები გარკვეულ პროცედურებში არსებობს. როდესაც ვთქვით, რომ კლინიკური მართვის ახალ ეტაპზე გადავდივართ, ეს ეტაპი ჯერ კიდევ ზაფხულში იყო მომზადებული. მაგალითად, დღეს დაახლოებით 12 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს, აქედან დაახლოებით 3500 სტაციონარში, დაახლოებით 1800 - სასტუმროებში, 6500-მდე კი ბინაზე მკურნალობს. მთელ მსოფლიოში მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები სახლიდან იმართება. ჩვენ, იმისთვის რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის შევქმენით კიდევ ერთი ბუფერი - კოვიდ-სასტუმრო, ვინაიდან მოქალაქეების ნაწილს არ აქვს საშუალება, რომ სახლში იზოლირებულად იმკურნალოს. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეთია, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად, ამიტომ ხანდაზმული ადამიანები არ დავაყენეთ რისკის ქვეშ და შევთავაზეთ მოქალაქეებს კოვიდ-სასტუმროებში გადასვლა", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საავადმყოფოში უნდა ხვდებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

„საავადმყოფოებში უნდა იმკურნალონ ფეხმძიმე ქალებმა, ხანდაზმულებმა, ქრონიკულმა ავადმყოფებმა. არ შეიძლება, რომ ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც 37,7 აქვს ტემპერატურა, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს პალატაში. ეს უპასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს მკურნალობა უფრო სჭირდებათ, ამ ადგილებს ვართმევთ. იყო რაღაც ხარვეზები ქოლცენტრების მუშაობაში და ამას ვაღიარებთ. წარმოიდგინეთ, რომ დღეს ჯანდაცვის სისტემა 37 ათას შემთხვევას მართავს - ესენი არიან ინფიცირებულები, იზოლაციაში მყოფი მათი ახლო კავშირები და ქვეყანაში შემოსული პირები. როდესაც ინფიცირების 1 შემთხვევა დასტურდება, მისი კავშირების დადგენას და ლოგისტიკას უზარმაზარი სამუშაო სჭირდება. ამაში არა ერთი ან ორი ადამიანი და არა ერთი ან ორი სამინისტროა ჩართული", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×