რეზონანსი
22.10.2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა,ნაწილთან კი ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ყველა მძევალი თავისუფალია. ახლა ვსაუბრობთ საქმის დეტალებზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, გვაცადეთ მუშაობა. ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, არავის დაზიანება არ აქვს. ნაწილ მათგანთან ჩატარებულია, ნაწილთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ბორცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×