რეზონანსი
22.10.2020

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, თავდამსხმელის შეიარაღება იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მძარცველი დილეტანტი არ იყო და შეიძლება სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელიც ყოფილიყო.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო როგორც შენობაში, ისე გარეთ, თავდამსხმელის გამოსვლის დროს, თუმცა 100%-იანი გარანტია, რომ მძევლები არ დაშავდებოდნენ და მსხვერპლი არ მოჰყვებოდა, არ იყო, ამიტომ ხელისუფლებამ არ გარისკა.

„მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს თუ დავეყრდნობით, როდესაც ის შედის ბანკში და იქ მაგიდას ფეხით ამტვრევს და ავტომატით ემუქრება მძევლებს, ნიშნავს, რომ შეიარაღებული მძარცველი წამსვლელი იყო ყველაზე უკიდურეს ნაბიჯზეც კი. მისი აღჭურვილობა, შეიარაღება იმაზე მიუთითებს, რომ ის არ არის დილეტანტი და დიდი ალბათობით ან ადრე მსახურობდა არმიაში ან სულაც სხვა ძალოვან სტრუქტურებში და შეიძლება ყოფილი სპეცრაზმელიც კი, არც ეს არის გამორიცხული. შეიძლებოდა თუ არა სპეცოპერაციის ჩატარება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა როგორც შენობაში, უშუალოდ, ისე მისი გამოსვლის შემდეგ, მაგრამ 100%-იანი გარანტია იმის, რომ მძევლები არ დაშავდებოდნენ ან უფრო უარესი, არ დაიღუპებოდნენ, რა თქმა უნდა, არ არსებობდა, რადგან ამ მძარცველს ხელში ეჭირა ხელყუმბარა და სნაიპერული ცეცხლით მისი დაზიანების ან მისი მოკვლის შემთხვევაში არსებობდა შანსი, რომ თუ ეს ხელყუმბარა იყო საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი და ის ხელს გაუშვებდა, 3-4 წამში აფეთქდებოდა ეს ხელყუმბარა და ოთახში ახლოს მყოფი მძევლების სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე შეექმნებოდა. ხელისუფლებამ არ გარისკა. მე მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, მისცა თანხა და საშუალება, რომ ის გამოსულიყო და გასულიყო ამ შენობიდან იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში ოპერაციის ჩატარება ძალიან დიდ საფრთხეს მოიცავს," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად გამართლებულია თავდამსხმელთან მსგავსი სახის მოლაპარაკება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება და ხომ არ ჩაითვლება ეს კრიმინალის წახალისებად, ალადაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა მძევლების სიცოცხლეს ან მოთხოვნის შესრულებას. მისივე განმარტებით, თავდამსხმელმა სავარაუდოდ გათვალა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება სპეცოპერაციაზე არ წავიდოდა.

„უნდა არჩეულიყო ან 19 მძევლის სიცოცხლე ან 500 ათასი დოლარი, მეორე მხრივ აქ მარტო თანხა არ არის, არამედ ის ფაქტორი, რომ შემდგომში ეს წახალისებად არ იქნას აღქმული და სხვამაც არ სცადოს. ის, რომ ეს ხდება სწორედ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის დროს, არჩევნების წინ, ამანაც გარკვეული როლი ითამაშა. ჩემი აზრით, მძარცველს ჰქონდა ეს გათვლილი, გაანალიზებული, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ არ წავიდოდა სპეცოპერაციაზე იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი სპეცოპერაციის გარანტია ისე, რომ ქირურგიული სიზუსტით იმუშაო და გააუნებელყო მძარცველი, რთულია ამის 100%-იანი გარანტიის მიცემა. ახლა ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, რაც შეიძლება მალე მოძებნოს და გააუვნებელყოს თავდამსხმელი," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×