რეზონანსი
22.10.2020

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი თვლის, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენებები სანდოა. ეს არის ერთი მთლიანი ჩვენების ეპიზოდები და შევსებულია ეტაპობრივად, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საუბრისას ოჯახის ადვოკატმა საქმის ერთ-ერთი მოწმის, გური ამირხანაშვილის ჩვენების სანდოობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ჩვენებებში ოჯახი წინააღმდეგობებს ვერ ხედავს.

რაც შეეხება ბრალდებულთა ნაწილის განცხადებას, რომ მათ ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა, ამის საპასუხოდ მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ მათ არაფერი დაეჯერებათ.

„ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას დღესაც სერიოზულად უმტკიცებენ, რომ ბავშვებს იმის გამო გაეკიდნენ, რომ მათთვის მანქანას არ დაერტყა, მათი რამე დაიჯერება? გარდა ამისა, ციხის კადრებით ნათელი გახდა, რომ ეს ადამიანები წინასწარ შეიკრიბნენ, ვიდრე საგამოძიებო ორგანოში მოუხდებოდათ მისვლა, ჩამოაყალიბეს ერთიანი პოზიცია და საგამოძიებო ორგანოებამდეც ვერ მიიტანეს ეს შეთანხმებული პოზიცია. ჩვენებებით დავრწმუნდებით, რომ ყველას უნდა, მანქანაში იჯდეს, ბოლოს ლამის მახარაძე ჩამოსვეს იმის გამო, რომ მანქანაში მჯდარიყო და ალიბი ჰქონოდა. ამ ხალხის რამე დაიჯერება? თქვი რა კაცურად - გავეკიდე და მერე თქვი, რომ მკვლელობაში არ მიმიღია მონაწილეობაო, თუ არ გინდა, რომ ეს მძიმე ტვირთი აიღო. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ამირხანაშვილს თვითონ ეხვეწებოდნენ, შენი მეგობარი არ დატოვოო? კიდევ ერთი ფაქტორია, სად გინახავთ ექვსი კაცი იჯდეს მანქანაში, თავისი ადგილი არ ჰქონდეთ და მოწინააღმდეგე მხარე ჩაისვა და წამოიყვანო, მათზე ზრუნვის მოტივით. ეს უნდოდათ ალიბისთვის. გური ამირხანაშვილის ჩვენებები ოჯახისთვის არის ერთი მთლიანი ჩვენების გარკვეული ნაწილები. ოჯახი ვერ ხედავს არსებით წინააღმდეგობებს ჩვენებებში და ოჯახი არ თვლის, რომ ამირხანაშვილის ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, ეს არის შევსებული ეტაპობრივად. ეს არის ერთი მთლიანი ჩვენების ეპიზოდები და სანდოა, ასე აღიქვამს ოჯახი. რა თქმა უნდა, ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ორივე ეპიზოდზე გამოვა გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებულთა ნაწილის მხრიდან ნაფიცი მსაჯულების არჩევას. მისი შეფასებით, ეს მათი ტაქტიკაა და საქმის გაჭიანურების მცდელობასთან არის დაკავშირებული.

„მე და ოჯახი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნაფიცი მსაჯულების არჩევა გახლავთ დაცვის ტაქტიკის ნაწილი. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს სამი საქმე, რომელიც სასამართლოში წარიმართა, თუმცა სწორედ იმ ეპიზოდში, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაფიცი მსაჯულები აირჩიეს. ეს, რა თქმა უნდა, მათი ტაქტიკის საკითხია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში აირჩიონ ნაფიცი მსაჯულები და არა ყველაზე მძიმე და რეზონანსულ ნაწილში, რომელიც არის გიორგის განზრახ მკვლელობა.

ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი მცდელობაა, რომელიც არ ჩაივლის წარმატებით. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევის პროცედურის შემდეგ, რაღაც ეტაპზე უარიც თქვან. საქმეში პირდაპირი მტკიცებულებებია, ამირხანაშვილის ჩვენება, ახვლედიანის ჩვენება, ქათამაძის და სხვათა ჩვენებები", - განაცხადა ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×