რეზონანსი
22.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, 175-ე საჯარო სკოლის ცალკეული კლასები ონლაინსწავლებაზე იქნა გადაყვანილი, ხოლო 45-ე სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი მთლიანად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების შემდეგ, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აღდგა. ამჟამად ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, სადაც ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლის განთავსება მშობლის ადგილზე გამოცხადებამდე არის შესაძლებელი.

„სკოლებში სასწავლო პროცესი, მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, შერეულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვასთან ერთად, ონლაინსწავლებასაც მოიცავს. მინდა, ვთხოვო ყველა მშობელს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები. სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო მათ, ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ონლაინსწავლების პორტალზე", - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში აწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, რაც გულისხმობს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ან მთლიანად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან წერტილოვნად - კონკრეტული კლასი/სართული.

„სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×