რეზონანსი
23.10.2020

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ოთხი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

kvirispalitra.ge გათავისუფლებული მძევლებიდან ერთ-ერთის ახლობელს ესაუბრა:

„მძევლის დედამ ტელევიზიით გადაცემული კადრებიდან ნახა, რომ მისი შვილი მძევლებს შორის იყო, ვერ აღგიწერთ, რა დაემართა. საღამოს თავდამსხმელმა იგი გაათავისუფლა. ჩვენ შორიდან დავინახეთ, ძალიან დასტრესილი და შეშინებული იყო. სამართალდამცველებმა დაკითხვაზე წაიყვანეს.

ბანკში იყო მისული რაღაც საქმეზე. როგორც ამბობს, უცებ ხმაური გავიგონე, ბანკში შემოვარდა და გაისროლა იარაღიდანო. ხელყუმბარა, თურმე, ხელში ეჭირა. მოხუცები ეგრევე გაუშვა. მალევე გაათავისუფლა ორსულიც. მერე მეორე სართულზე აგვიყვანა, ფანჯარა არ იყო და მესამე სართულზე გადაგვიყვანაო. ასთმიანი გოგო ცუდად გახდა, თავდამსხმელმა ნება მისცა, ეჭამა. 

როგორც ამბობს, პირველი ორი საათის განმავლობაში ძალიან აგრესიული იყო, გამართული ქართულით ლაპარაკობდა, ერთი-ორჯერ მეგრულადაც თქვა რაღაც სიტყვებიო. როცა კავშირზე არავინ გამოვიდა, ანერვიულდა, მოგვაძახა, ყველას ფეხებზე ჰკიდიხართო. თქვენ ახლობლებს დაუკავშირდითო. მერე დაურეკა სამხარეოს უფროსს გალდავას, რომელმაც ძალიან იყოჩაღა. ის ეუბნებოდა, მე ჩაგბარდებიო. როგორც გვითხრა, მძარცველმა გალდავას უთხრა  "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე  და 4 მძევალი მჭირდებაო. რაზეც იმან უპასუხა, მე ჩაგბარდებიო. ერთი ქალი რომ გაუშვა, მეც მომაძახა, გადიო. რომ იკითხა, ოთხი მძევალი მინდაო, იქ მყოფმა ბიჭებმა უთხრეს, ჩვენ ვიქნებითო. საბედნიეროდ, უსაფრთხოდ გამოუშვა ყველა. ღამე დაკითხვაზე ჰყავდათ წაყვანილი, ძალიან შეშინებულია".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×