რეზონანსი
28.10.2020

სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები კორონავირუსის მართვაში, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს.

„სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული სიმპტომებიანი ადამიანია. 1 731-დან 70% - 1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკჯგუფებში, ე.წ. კონტაქტირებულებში, დაახლოებით, 299 ადამიანი არის დადებითი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხნიშნა რიცხვს შეადგენს, სიტუაცია მართვადია.

„დაახლოებით თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას. რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს, ან გარკვეული შემთხვევები, სადაც უკმაყოფილება არის, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესამჩნევია, რომ ქუჩებსა და შენობებში პირბადის გამოყენების კულტურა საკმაოდ გაიზარდა.

„თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას. პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია და არადიდი შეკრებები! ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში - ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი, ეს კარგია, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ თავშეყრისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×