რეზონანსი
21.11.2020

17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაშია, 30-ე ოლქში (ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი), სადაც 30 162 ამომრჩეველი მივიდა. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, ნაძალადევის მე-7 ოლქში, სადაც ამომრჩევლის 16% გამოცხადდა.

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის განცახდებით, 2016 წელს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 30.99% იყო.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს. ყველა საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. 

„ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×