რეზონანსი
21.11.2020

რეალურად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ მეტი გვაქვს. უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განaცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სხვადასხვა ტიპის აქტივობამ სიტუაცია ქვეყანაში გააუარესა. შესაბამისად, შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება", - განაცხადა იმნაძემ "ქრონიკასთან".

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების გამოვლენა სიმპტომიან პაციენტებში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით მეტია.

„ახალ შემთხვევების დადასტურება სიმპტომების მქონე ადამიანებში ხდება. რეალურად კი ჩვენ ახლა გვაქვს ორჯერ მეტი შემთხვევები, უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ. ამ შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყველა წესის დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უსიმპტომო და ნაკლებადსიმპტომიანი ადამიანები, რომლებსაც მცირე გაციება აღენიშნებათ, ინფექციის გადამტანები არიან. კი ბატონო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ პრობლემის გარეშე გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსხვერპლიცაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველამ და ყველგან უნდა დავიცვათ წესები. ეს არის: ნიღაბი და დისტანცია. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელებას სხვა ვერაფერი დაუპირისპირა", - დასძინა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×