რეზონანსი
24.11.2020

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრი უპირობოდ უნდა ტოვებდეს თანამდებობას.

როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ოპოზიციის აქციებს უკავშირდება, ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ უნდა ბედავდეს ინფექციის გავრცელების სხვაზე გადაბრალებას.

„ბოლო პერიოდში ყველა მიმართულებით სახეზეა კრიზისი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რაც მთავარია, კრიზისი ჯანდაცვის კუთხით. ამ დროს, გამოდიან პასუხისმგებელი პირები, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე უშუალოდ აგებენ პასუხს, რადგან ისინი არიან ამ სფეროს ხელმძღვანელები და უბრუნდებათ ენა და ლაპარაკობენ, რომ კრიზისი არ არის მათი ბრალი და არის სხვისი ბრალი, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ბრალი - ადამიანები, რომლებმაც ვერც ერთი მიმართულებით ვერ მართეს ვერც ერთი კრიტიკული სიტუაცია. ასეთი განცხადებები ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს გაცნობიერებული სად არის, რა ქვეყანაშია და რა პერიოდში უწევს მას ამ სფეროს ხელმძღვანელობა, გამოდის და იმის მაგივრად, რომ ლაპარაკობდნენ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვეს ამ პერიოდის განმავლობაში, აკეთებს ასეთ განცხადებებს. ზაფხულის პერიოდში, როდესაც შედარებით ნაკლები სტრესი იყო სისტემისთვის და ჩვენი ყოველდღიურობისათვის, მაშინ ჯანდაცვის სფერო და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მიეცნენ ტკბობას და ამიტომ გაეპარათ ყველაფერი თუ საერთოდ ვერ გააცნობიერეს ის, რომ მეორე ეტაპი აუცილებლად დადგებოდა, არ ვიცი. მეორე ეტაპისთვის აღოჩნდნენ ისინი მოუმზადებლები", - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარებები მხოლოდ სოციალურ მიმართულებებზე დახარჯა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ის თანხები, რომლებიც საერთაშორისო დახმარების სახით მივიღეთ, მხოლოდ სოციალური მიმართულებით გაუშვა, რადგან არჩევნები იყო წინ და ამ არჩევნებში ხმების ყიდვა უნდოდათ. ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლება. ჯანდაცვის მინისტრი ვეღარ უნდა ბედავდეს საზოგადოების წინაშე გამოსვლას და უპირობოდ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან. მთელი ჩვენი უბედურება რაშია იცით? ტიკარაძე რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი, ის ვერ აღმოჩნდებოდა ამ თანამდებობაზე. მთელი უბედურებების სათავე ამ ქვეყანაში არის ის,რომ ამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომლის ოჯახური დამოკიდებულებებით იმართება ყველა სფერო. არ შეიძლება ჯანდაცვას მართავდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ პირადი ურთიერთობებითაა ამ ადგილას დანიშნული. არ შეიძლება ეკონომიკას მართავდნენ ადამიანები,რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით არიან ამ ადგილზე მოხვედრილები. არ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას მართავდნენ ადამიანები, რომლებიც მისი დაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. ჩვენ ერთპარტიულ პარლამენტს კი არ ვიღებთ ამ პარლამენტით, ჩვენ ვიღებთ ერთი კაცის სახელმწიფოს, რომელიც აბსოლუტურად არ არის აზრზე, როგორ მართოს ქვეყანა", - განაცხადა ჩიხრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×