რეზონანსი
25.11.2020

ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

პირველი შეხვედრა 13:00 საათზეა დაგეგმილი. ელჩის რეზიდენციაში შალვა ნათელაშვილია დაბარებული.

მოგვიანებით კელი დეგნანს შეხვდება ალეკო ელისაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრების მესამე რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.

განხილვის საგანი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნაა.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ აჩევნებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×