
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ხორავას ქუჩაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე.
„მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში, თბილისში ა. ხორავას ქუჩაზე №9-ში ხანძართან დაკავშირებით, პირველი ზარი დაფიქსირდა 07:12 წთ-ზე. ოპერატორის და მოქალაქის საუბრის დრო შეადგენს 47 წამს.
07:13 საათზე საქმე გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. მეხანძრე-მაშველები 07:19 საათზე მივიდნენ მისამართზე, ანუ საქმის გადაცემიდან 6 წუთში.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე. ინიციატორს 112-ის ოპერატორმა 4 წამში უპასუხა, შესაბამისად ლოდინის დრო შეადგენს 4 წამს და არა ერთ საათს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატორმა მოისმინა ავტომოპასუხე და არ გამოიყენა 112-1, რაც გულისხმობს რომ არ აირჩია დაკავშირება საპატრულო პოლიცია / სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, რაც უფრო შეამცირებდა ლოდინის დროს", - აცხადებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში.