რეზონანსი
26.11.2020

შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესზე ზრუნვაა.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე - ვიზრუნოთ ჩვენს მოქალქეებზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ვიზრუნოთ ეკონომიკასა და ბიზნესზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს არის წერტილოვანი და საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოქდაუნზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს ორთვიანი შეზღუდვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება. ცხადია, გვესმის, რომ თითოეული ეს შეზღუდვა მძიმეა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სავაჭრო ცენტრებისთვის და ბაზრობისთვის, ასევე ტურიზმის ცენტრებისთვის, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს ვირუსის შეჩერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება მხარდაჭერის პაკეტებს, მიხეილ დაუშვილის თქმით, წელს ძალიან კარგად იმუშავა 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათმა.

„ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ 6 თვით, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ბენეფიციარი იქნება 30 000-ზე მეტი კომპანია და 400 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. უნდა აღინიშნოს, რომ წელს 4 თვიანი საშემოსავლო გადასახადის გადავადება, რომელიც შეეხო ტურიზმის და სხვა სექტორებს, მოხდება მისი ჩამოწერა, გათავისუფლება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სესხების სუბსიდირება, რომელიც დღეს მოქმედებს სასტუმროებთან დაკავშირებით, თითქმის ანალოგიური პროექტი განხორციელდება 6 თვის ვადით რესტორნებისთვისაც. კარგად გვესმის, რომ დღეს რესტორნებს ისევე, როგორც სასტუმროებს და ტურიზმის სხვა სექტორს კრიზისი უდგას და ამ კრიზისში მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება საკრედიტო საგარანტიო ფონდის მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით და ასეულობით ბიზნესი შეძლებს განახორციელოს სესხის რესტრუქტურიზაცია სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამასთანავე მოიზიდოს ახალი სესხები ახალი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.

„ეს გეგმა წლის დასაწყისში არსებული პროცესებისგან ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმით, რომ საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრულია დროში. ჩვენი ამოცანა და გეგმაა ორი თვის თავზე ბიზნესს გაცილებით ნაკლები შეზღუდვა ჰქონდეს და გაცილებით უფრო თავისუფლად ოპერირებდეს“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (28.11.2020)
ხოდა მშვენიერია

ნიკა   (28.11.2020)
მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება ნამდვილად


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×