რეზონანსი
30.11.2020

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის, "Reformerfitness"-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საიადან აცნობეს.

საიას ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლის საფუძველზე. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია.

„სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელიც ამავე წესების დარღვევისათვის ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​1 პრიმა მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია. თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 421 პრიმა მუხლი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის.

ამდენად, იმისათვის, რომ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, მან ორჯერ უნდა დაარღვიოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესი. ეს სამართლებრივი შემთხვევა პრობლემურია, რადგან როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დაწესებული ნორმების დარღვევა", -ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საია ავრცელებს.

ამასთან, საია მიიჩნევს, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით.

„საქართველოს კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის, და არა მთავრობის მიერ.

შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​1 პრიმა მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლების დისპოზიცია ეფუძნება არაკონსტიტუციურად მიღებული ქცევის წესების დარღვევას. ხოლო რადგან არაკონსტიტუციურია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, ასევე არაკონსტიტუციურია აღნიშნული წესის დარღვევისთვის პირისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მისწარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება. აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Hugo   (30.11.2020)
Saia ara tyvnaia magat


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×