რეზონანსი
01.12.2020

„გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ მას ყველა მიჰყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ", - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში პირველი ნაბიჯის გადადგმა.

„მთავარი ის არის, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ხელისუფლება. თუ არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა ხელისუფლებიდან, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ მაშინ არ შედგება მრავალპარტიული პარლამენტი. მაქვს მოლოდინი, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ პირველი სითამამე, გამბედაობა სწორედ იმ ადამიანებიდან უნდა წამოვიდეს, ვისაც მე მივეცი ხმა. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს, ვამბობ, რომ ოპოზიციამ გამბედაობა გამოიჩინოს და ნაბიჯი გადადგას. ვისაც მე მივეცი ხმა, მინდა ისინი ვნახო პარლამენტში და მინდა ვნახო ხმლით და იარაღით შეიარაღებული - კონსტიტუციით და ცოდნით, რომ მინიმალური შანსი მაინც გაჩნდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ცვლილებების. იმის შანსი, რომ საზოგადოება მუდმივად შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და პარლამენტში იყოს ხმა, რომლებიც სიმართლეს მოუყვება მათ. გამოაცხადონ მოღალატეებად, ეს პირველი იქნება, ჯერ არ გვინახავს? ამ ვითარებაში და ამ რეალობის გათვალისწინებით სჭირდება პარლამენტში შესვლას სითამამე და გამბედაობა. პოლიტიკური ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ გაუძღვნენ ხალხს და არა მუდმივად იყონ გაბატონებული აზრების მსხვერპლნი. გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ პირველი ვინც გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. აქ საუბარია იმათზე, ვინც პირველები იქნებიან, გაბედავენ და იტყვიან - იმ რეალობის გათვალისწინებით, იმ კატასტროფის გამო, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, დღეს კიდევ ახალი კატასტროფის დამატება, რომ საბჭოთა კავშირში დავბრუნდით, იმიჯი არ ჰქონდეს საქართველოს და რაიმე შანსი გაჩნდეს რამე დახმარების მიღების, ვინმე დაგველაპარაკოს, საერთოდ რომელიმე რადარზე კიდევ ვარსებობდეთ. არანაირი მოლოდინი არ მაქვს ხელისუფლებისგან, არანაირი იმედი და მოცემულობა არ არსებობს, რომ ხელისუფლებაში ახლა ვინმეს გონება გაუნათდება, მთელი ჩემი იმედები ოპოზიციაზეა დამყარებული, რომ ისინი არ წაართმევენ ამ ქვეყანას პატარა მბჟუტავ შანსს", - განაცხადა ხიდაშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×