რეზონანსი
03.12.2020

როგორც გაცხადებული გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პანდემიით დაზარალებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას-სარესტორნო ბიზნესს სახელმწიფო სესხისა და ლიზინგის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი მიმართულება და პრაქტიკულად, ხვალიდან, სააგენტო ბანკებიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას.

„კარგად გვესმის, რომ ეს ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. შესაბამისად, მოვუწოდებთ რესტორნების წარმომადგენლებს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს", - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს იყო მოთხოვნა, რასაც ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

„გარდა ამ ახალი პროგრამისა, მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს - ეს არის უპრეცედენტო, საგადასახადო შეღავათები, 2021 წლის ქონების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება, შემდეგ უკვე შეღავათები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებზე", - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი-400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი, რომლის მომსახურებაშიც მთავრობა გვერდში უდგას და ეხმარება რესტორნებს.

„ვვარაუდობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ეს ციფრიც ხაზს უსვამს ფაქტს, რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სარესტორნო ბიზნესს. სულ მცირე, 1500-მდე რესტორანი შეძლებს ისარგებლოს ამ დახმარებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×