რეზონანსი
03.12.2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის პაციენტი კლინიკაში 18 ნოემბერს ცხელებით, სუნთქვის გაძნელებით, ხველებითა და პნევმონიით შეიყვანეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა 18 ნოემბერს. გადმოყვანილ იქნა ტესტირებისთვის, რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის რამდენიმე დღიანი ანამნეზი. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე პაციენტი მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატიური და შემდგომ სასწრაფოს იმავე ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, „პისიარ" ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევების გაღრმავებისთვის. მოთავსდა პაციენტი ცხელების განყოფილებაში, სადაც ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურად ცხვირ-ხახიდან აღებული ნიმუშის „პისიარ" კვლევა. დადასტურდა „კოვიდ-19"-ის დიაგნოზი.

მას აღენიშნებოდა ფილტვის ორმხრივი დაზიანება, პნევმონია, საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საყურადღებო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, ის მოთავსდა განყოფილებაში, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებოდა მკურნალობა.

გოგონა იყო ჭარბი წონით. თავად არ ჰქონდა ინფორმაცია თანმხლებ დაავადებებზე, თუმცა ამბობდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რაიმე გამოკვლევა არ ჰქონდა ჩატარებული. არანაირ დამაძინებელ მედიკამენტს არ იღებდა, არ საჭიროებდა", - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა პაციენტების გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ასეთი მძიმე ფაქტები მძიმეა როგორც ოჯახისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, ნებისმიერი კლინიკისთვის. ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. ბრალდებებზე, რომ თითქოს პაციენტს წყალს არ აწვდიდნენ და ა.შ. მეუხერხულება ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×