
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა, იგი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შედეგად იმშობიარა, შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკა "მედინაში" მოათავსეს.
კლინიკა „მედინაში“ ამბობენ, რომ რუსუდან კოკობინაძეს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა და მას ძლიერი სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ექიმების თქმით, ახალშობილი ჯანმრთელია და სახლში უკვე გაწერეს.
„მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა ვიანიდან მას მძიმე ფილტვის დაზიანება ჰქონდა. მიუხედავად ადექვატური მკურნალობისა მისი მდგომარეობა უარესდებოდა.
კერძოდ, გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა ორსულის მდგომარეობაზე, ასევე აისახა ნაყოფის მდგიმარეობაზე. 25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. ბავშვის მდგომარეობა კარგია და უკვე გაეწერა სახლში.
სამწუხაროდ, მშობიარეს მდგომარეობა დამძიმდა და 27 ნოემბერს სამშობიარო სახლში, კლინიკა „მედინაში“ გადმოიყვანეს. მას კვლევის შედეგად ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება და პნევმონია აღენიშნებოდა. მაღალი ნაკადით ჟანგბადი მიეწოდებოდა. პირველ და ორ დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება.
ფილტვის რეანიმაცია ჩატარდა, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა",- აღნიშნა კლინიკა „მედინას" ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ.
წყარო: დაიჯესტი