რეზონანსი
04.12.2020

მე, იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ერთგული ვართ ოპოზიციის ერთობის მიმართ, ჩვენთვის აზრი არ აქვს პარლამენტში შესვლას, ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძისთვის. მე არ მჯერა, რომ ზურა აპირებს პარლამენტში შესვლას ჩვენს გარეშე და ოპოზიციის გარეშე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან შეთავაზებები მართლაც არსებობდა, თუმცა ხუმრობად ჩათვალა, იმიტომ, რომ „ასეთი ულტიმატუმებით პარტნიორები და მეგობრები არ ურთიერთობენ“.

„ზურა ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ არ მიდის „გირჩიდან“, ჩვენც არ მივდივართ ამ პარტიიდან. ჩვენ გვაქვს შიდა წესები თუ ვინ მართავს პარტიას, როგორ ხდება ადამიანების არჩევა. გამოსავალი და მუშაობის გაგრძელება სავარაუდოდ, ამ წესებზე დაყრდნობით მოხდება. საბოლოო ჯამში ყველას გვაინტერესებს მიზეზი რის საფუძველზეც ეს განცხადება გაკეთდა. ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო, მე გამიხარდება თუ ეს მიზეზი უბრალოდ სტრესი და დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.

ეს, ბუნებრივია, არანაირ კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან. ჩვენ ერთნაირი პოზიცია გვაქვს, რომელიც არაერთხელ იყო „ლელოს“ ოფისში შეთანხმებული. მე, იაგო და ვახო ერთგული ვართ ოპოზიციის ერთობის მიმართ, ჩვენთვის აზრი არ აქვს პარლამენტში შესვლას ისევე როგორც ზურასთვის. მე არ მჯერა, რომ ზურა აპირებს პარლამენტში შესვლას ჩვენს გარეშე და ოპოზიციის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრი ჭორი ვრცელდება და ამის საბაბი ჩვენ მივეცით, გაურკვევლობა შეიქმნა და ამომრჩეველი დავაყენეთ გაურკვეველ მდგომარეობაში.

რა თქმა უნდა, ზურას მხრიდან მოთხოვნები მართლაც იყო. იყო ნათქვამი, რომ სენსიტიურ თემებზე არ გველაპარაკა, მოწევა იყო აკრძალული, მაგრამ მე არ ვეწევი და არ ვიცი რაზე იყო საუბარი ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ვახოს და იაგოს ეხებოდა, ასევე უფრო რბილი საუბარი ჩვენს ამომრჩეველთან და პარტიის მართვიდან ჩამოშორება. ეს რომ წავიკითხე გუშინწინ საღამოს, ხუმრობა მეგონა იმიტომ, რომ ასეთი ულტიმატუმებით პარტნიორები და მეგობრები არ ურთიერთობენ. ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ ეს რას ნიშნავს და ღიმილის გამომწვევი იყო“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×