
დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოვა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან მედიცინის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფები.
„მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები. „ფაიზერის“ ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობისთვის, მილიონი და ორი მილიონი დოზისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ამიტომ თავიდან იგეგმება, რომ შემოიტანონ მცირე პარტია და ვაქცინაცია ჩაუტარდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ. გააჩნია, რამდენი იქნება ვაქცინა.
ამის შემდეგ, დაახლოებით მარტისთვის ველოდებით ვაქცინის ძირითადი რაოდენობის შემოსვლას. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელი იქნება. ჩემი სურვილია და მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ოპტიმალურია „ასტრაზენეკას“ და ირისის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ბრიტანული ვაქცინა, რამეთუ ეს ვაქცინა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არის ყველაზე უკეთესი ხარისხის და ის თავისუფალია იმ უხერხულობისგან, რაც ახასიათებს „ფაიზერს“ და „მოდერნას“. მას არ სჭირდება -80 გრადუსი, ის ინახება მაცივრის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე +2-დან +8-მდე. ამდენად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ოპტიმალური და იდეალური საქართველოსთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.