
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან, რადგან მისი თქმით, 18 წლამდე ასაკში ვაქცინის კლინიკური კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.
„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.