
მომხდარსა და მოვლენების იმ ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას თანაგუნდელებს, რადიკალური ოპოზიციიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა.
„პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც ნიკა მელიას ურჩევდნენ, აგულიანებდნენ და არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს არის დემოკრატიული და თითქოს ეს რაიმე დემოკრატიულ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას", - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით, საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში. „სწორედ ამიტომ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა რომელსაც აქვს ძალა, რომ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ვინაიდან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე არ არსებობს. შემდეგი ნაბიჯი ვითარების დეესკალაციისთვის იქნება პარლამენტსა და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობა", - განაცხადა თალაკვაძემ.