
COVAX-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილების გეგმის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. პირველ რიგში, ვაქცინის დისტრიბუციის გეგმას COVAX-ში გაერთიანებული ქვეყნები მიიღებენ. ქვეყანაში ოფიციალურ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ინფორმაცია COVAX-ის ვებგვერდზე განთავსდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებული იქნება ვაქცინის დოზები და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების თარიღი. COVAX-ი მომდევნო, მაქსიმუმ 2 ან 3 კვირის განმავლობაში აპირებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას იმ ქვეყნებში, რომლებიც მზად არიან, ვაქცინის მისაღებად და მისი ადმინისტრირების დასაწყებად.
ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ COVAX პლატფორმის პრესასთან ურთიერთოების სამსახურმა მიაწოდა.
„დაველოდოთ მომავალ კვირას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ვაქცინა მიიღოს ყველამ. ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და უდიდესი გამოწვევაა. დღეს საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ვაქცინის გაგზავნის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. ვმუშაობთ და მომავალ კვირას გვექნება ახალი ინფორმაცია. ვაქცინა არის და გადანაწილების გეგმაც მუშავდება. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაქცინაცია 2-3 კვირაში ყველგან დაიწყოს. ეს იყო და არის ჩვენი მიზანი”, - განაცხადა „ქრონიკასთან” საუბარში COVAX-ის წარმომადგენელმა.