
თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ზურგის არეში დაჭრილი 19 წლის შოთა ქულუსაშვილია, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი 33 წლის თორნიკე გადელია ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო. შსს-მ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.