
რუსთავში 13 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობა სტაბილურია და კლინიკიდან ხვალ გაწერენ.
მას შემდეგ რაც არასრულწლოვნის გადმოვარდნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მის სამეზობლოში გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა მომხდარი ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპთან" იყოს კავშირში. ეჭვის საფუძველს იძლევა სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.
ნანა ბერძენიშვილი, რომლის არასრულწლოვანი შვილი "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლი გახდა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, "ამბებს" ეუბნება, რომ თანაკლასელების ერთი და იმავე სართულიდან გადმოვარდნა, რეალური ეჭვების საფუძველია.
"ეს ცხადია, საყურადღებო დამთხვევაა. პანდემიის პერიოდი ძალიან ხელსაყრელია "ლურჯი ვეშაპისა" და მისი მსგავსი თამაშების მენტორებისთვის, რადგან ბავშვები ძირითადად სახლებში არიან და დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში. "ლურჯი ვეშაპის" დავალება რომ იყოს, ისინი მესამე სართულიდან კი არა გაცილებით დიდი სიმღლიდან გადმოხტებოდნენ. რადგანაც მენტორს სურს სუიციდის მცდელობა "წარმატებით" დასრულდეს, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს ვერაფრის მოყოლა, როგორც ეს ჩემი შვილის შემთხვევაში მოხდა. მენტორმა მას მე-13 სართულიდან გადახტომა დაავალა, რაც შეასრულა კიდეც. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რამე სხვა მსგავსი თამაში იყოს. მაგალითად, "მოიტეხე ხელი" , "მოიტეხე ფეხი" და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეს შემთხვევები გამოსაკვლევია" - განაცხადა აცხადებს განაცხადა ბერძენიშვილმა.