რეზონანსი
08.06.2021

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. ექსპერტიზა ჩუმადაა და არ იძლევა პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ექთნის გარდაცვალების დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს, რომ მეგი ცუდად გახდა და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. რაც გვაქვს, აქედან უნდა ამოვიდეთ, ვიმსჯელოთ... გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, ამოღებული იქნა გარკვეული მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები. ამასთან, გარკვეული მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ.

ამ წუთისთვის, დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. მოწმეები ამბობენ, რომ იმუნიზაციის სივრცეში მეგის ადრენალინი არ გაკეთებია. ბექა ლიპარტელიანმა, რომელიც დახმარებას უწევდა მეგის, პირველ რიგში ადრენალინი რატომ არ გაუკეთა? და რატომ გაუკეთა დექსამეტაზონი? ასევე, ბატონი ბექა იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული პირი არ არის, ის არ არის იმუნიზაციის პროცესში არაფერზე პასუხისმგებელი პირი, უბრალოდ, შემთხვევით დაინახა ცუდად გამხდარი ადამიანი და მისი დახმარება დაიწყო და შესაბამისად, სტანდარტულ ალერგიას უმკურნალა.

ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს რომ მეგი ცუდად გახდა, ადგილზე იმყოფებოდნენ და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს და მეგი მაინც მიატოვეს. გამოვიდა, რომ პაციენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ესაა რაც ამ წუთას დგინდება.

ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება: ხვალ რომ ისევ ტრაგედია მოხდეს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?! - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×