რეზონანსი
08.06.2021

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში, 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია. დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტებზე ისაუბრა. 

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო მაღალი ხარისხის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ. შედეგი სახეზეა: სამი წლის განმავლობაში მოეწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში, 100 ჰექტარი განახლებული და მოწყობილი სივრცეა. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, - განაცხადა ანდრია ბასიალაიამ. 

მისივე თქმით, ახალმა გენერალურმა გეგმამ თბილისს ტყე დაუბრუნა. 

„გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა. დაახლოებით 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში. ეს არის იმის გარანტი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ზონირებაზე არ შევჩერდით და აქტიურად ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას კუს ტბის ფერდზე, ნაძალადევში, ჟინვალის ქუჩის მიმდებარე ფერდსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდზე. ჯამში, 20 ჰექტარზე მოეწყო ტყე იქ, სადაც ბოლო წლებში ფაქტობრივად აღარ იყო დარჩენილი მწვანე ნარგავი“, - აღნიშნა მერის მოადგილემ. 

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად კი, მერიამ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, პარლამენტის ხელშეწყობით, შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება ამტვერებადი მასალების გამოყენებას სამშენებლო მოედნებზე, ასევე, მის გადაადგილებას და შენახვას. შედეგად, ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაჩვენებელი დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×