რეზონანსი
29.07.2021

როგორი იქნება პარტიების გეგმები მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლის შემდეგ. იქნება, თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ სპექტრში სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით - ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა პარტიიდან თვლიან, რომ ახლა ოპოზიცია ყველაზე მეტად უნდა გაერთიანდეს.

"უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, რომელიც აშკარაა, რომ ხელისუფლების ძალიან მწარე მარცხით დამთავრდება, გახდეს ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი. ვფიქრობ, უნდა შევჯერდეთ საერთო სამოქმედო გეგმაზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

პარტია "მოქალაქეებში" "ქართულ ცონეასთან" ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხსაც განიხილავენ.

"ამას ჰყავს სხვა პასუხისმგებელი მხარეც და ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც "ქართულ ოცნებას" ხელ-ფეხი გაუხსნა იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტს არავინ დატოვებს, მათი ხმები საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმები მივიღოთ," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი.

"გირჩში" კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ პარლამენტი არ უნდა დატოვოს, რადგანაც ამ ფორმით უპირატესობებს დაკარგავენ.

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს, რათა შემდეგ მარტივად მოიგოს ეს არჩევნები. პირიქით უნდა მოხდეს, როგორც აქამდე არ იბრძოდა ოპოზიცია, ისე უნდა იბრძოლოს და შეძლოს სინქრონიზაცია. ის უპირატესობები, რომელიც პარლამენტის წევრებს აქვთ, ძალიან ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ," - აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განმარტებებს დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, გუნდში ცალსახად თანხმდებიან, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად რელევანტური იყო და ამ ყველაფრის მიზეზად, "ნაციონალური მოძრაობის" იმ გადაწყვეტილებას მიიჩნევენ, რომელიც დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარის თქმას გულისხმობს.

"როდესაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე დიდად მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ამ დოკუმენტისადმი ბოიკოტს, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დანიშნულება ეკარგება დოკუმენტს. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, აბსოლუტურად რელევანტურია. იქ ბევრი ისეთი დებულება იყო, რომელიც შეიძლება ახსნილი ყოფილიყო იმით, რომ ყველა აქტორი გაერთიანებულიყო ამ დოკუმენტით, ამ ყველაფერზე კი, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა აიღოს," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მისი პროგნოზით, მოახლოებულ არჩევნებზე მათი მხრიდან რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მცდელობები კვლავ გაგრძელდება.

ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×