რეზონანსი
14.09.2021

ძალიან კარგად გვესმის ზრდასრულ ადამიანებს, თუ ვის ინტერესებში შედის აღნიშნული ძალიან მძიმე პროვოკაცია, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს, თუ ვისი პოლიტიკური ინტერესი იყო ჩანაწერების გამოქვეყნება.

ამასთან, ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ჰკითხეს, არის თუ არა ეს ჩანაწერები გახარია-ხოჯევანიშვილის ინტერესებში.

„სააკაშვილი დაგავიწყდათ. სააკაშვილით იწყება. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, გამოდიან ეს ადამიანები, ავრცელებენ ამ ჭორ-მართალს, ტყუილ-მართალს და ყველაფერს ერთად, ამ სიცრუეს; მეორე მხრივ, თითქოს განიცდიან და თითქოს, ასე ვთქვათ, სოლიდარობას გამოხატავენ ეკლესიისა და მღვდელმთავრების მიმართ. ეს ხომ არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან დიდი ფარისევლობა. ეს არის მტრობა – პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი, ყველა ზღვარი გადაკვეთოს ადამიანმა, ყველაფერი იკადროს. ვნახეთ სააკაშვილის ხელწერა, მათი საქმენი და ამის შემდეგაც, კვლავაც გაოცებული ვართ ყველანი – ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები. გუშინ რაც გააკეთეს, ამით დადასტურდა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელი, ყველა სიბინძურეზე, ყველა ანტისახელმწიფოებრივ მტრობაზე პირდაპირ. ეს არის პირდაპირ ეკლესიის მტრობა და სახელმწიფოს მტრობა, მეგობრებო. თქვენი ტელევიზია აკეთებს ამას, „ტვ პირველი“ და თქვენ, ყველანი, თქვენი ტელევიზიები და თქვენი მმართველი სააკაშვილი“, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პირდაპირი შთქმულებაა ეკლესიის წინააღმდეგ.

„მე ერთს ვიტყვი მხოლოდ, ჩემი შეფასებაა – დღეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდელობა, თითქოს რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის. ერთი მინდა, ვთქვა – დღეს, ისე, როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის, ეს ასე იქნება ყოველთვის.

რაც შეეხება ვერსიებს, თქვენ ახსენეთ გვარები, მე აღარ მინდა, გავიმეორო მოღალატეების გვარები. ერთს გეტყვით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და პროკურატურა ყველა ვერსიას დაამუშავებს. არჩევნების შემდეგ ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი. ყველა მოღალატე და ყველა ამ ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×