რეზონანსი
16.09.2021

თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა „ტვ. პირველში" საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. ამის შესახებ ტელეკომპანიის იურისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოხდა იმ ინფორმაციის ამოღება და დალუქვა, რომელიც გადმოგზავნილი იყო კონკრეტული ადრესატის მიერ.

"გუშინ თბილისის პროკურატურაში ნოდარ მელაძის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის დროს განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით, ნებისმიერი ფორმით გვეთანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, დღეს უკვე ჩატარდა კომპიუტერული მოწყობილობის დათვალიერება. კერძოდ, პროკურატურის გამომძიებელმა დაათვალიერა თუ ვის მიერ გამოიგზავნა შეტყობინება " ტვ პირველში" და რა შინაარსს შეიცავდა ეს შეტყობინება. ამას გარდა, ჩატარდა იმ ინფორმაციის ამოღება, რომელიც გადამოგზავნილი იყო კონკრეტული ადრესატის მიერ. დაილუქა ეს ინფორმაცია და დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას. ის ფორმა, თუ რა ფორმითაც მოხდა ამ ინფორმაციის მოწოდება, აღბეჭდილია შესაბამისად დათვალიერების ოქმში, ხოლო ინფორმაცია ამოღებულია ამოღების ოქმში", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

„ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთელის განცხადებით, გამომძიებლებს მათთან კითხვები ჰქონდათ ჩანაწერებთან დაკავშირებით, როგორ მიაწღია აღნიშნულმა მასალებმა ტელეკომპანამდე.

„წესით პროკურატურა უნდა იყოს ახლა სუს-ის შენობაში და ხელბორკილებს ადებდეს ადამიანებს, რომელმაც ჩანაწერები გააკეთეს. შემოსული არიან, კითხვებს სვამენ, რაზეც ჩვენ განვუცხადეთ თანხმობა, - არაფერი გვაქვს დასამალი, ეს (ჩანაწერები) საჯარო სივრცეში აიტვირთა. ჩემი დაბარება არ მომხდარა, გუშინ დაიბარეს საინფორმაციოს უფროსი. აინტერესებდათ როგორც გავიგეთ, როგორ შევიტყვეთ, როგორ მოაღწია ჩვენამდე და ა.შ. მგონია, რომ პროკურატურას აქამდე უნდა ჰქონოდა გადმოწერილი, გაანალიზებულიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ აქვთ", - განაცხადა ვატო წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×