რეზონანსი
16.09.2021

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.

მისივე თქმით, მართვის პროტოკოლის გადახედვა ხდება, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა, წინასწარ იყოს ასახული პროტოკოლში.

„მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა, გადახედვა ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა და ჯერ არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ, წინსწრებით ავსახოთ პროტოკოლში.

ჩვენმა ყველაზე უფრო მწვავე ოპონენტებსაც კი, ყველაფერს გვიკრიტიკებდნენ, მაგრამ პროტოკოლი არ გაუკრიტიკებიათ. პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. სხვათა შორის ახლა ჯანმო-ს დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ეცნობა კლინიკების საქმიანობას და ჯერ მათ პროტოკოლზე არ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.

ადამიანებისთვის მტკივნეულია სიცოცხლის დაკარგვა, 80 გარდაცვლილი, 70 გარდაცვლილი, მაგრამ ნაკლებად უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 გარდაცვლილი და 80 გარდაცვლილი არის 60 000 ავადმყოფიდან. ამას არ ითვალსიწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ. ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს.

227 მილიონი ადამიანი გახდა ავად და 4.6 მილიონი ადამიანი მოკვდა მსოფლიოში. აშშ-ში ყველაზე ძლიერ და მდიდარ ქვეყანაში. 42 მილიონი ავად ჰყავდათ და მოკვდა 685 ათასი. ამერიკაში სიკვდილიანობა იყო 1.61%, ჩვენთან 1.42%. როცა საქართველოს ასჯერ უფრო ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს და გაცილებით ნაკლები, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში, რომელ პროტოკოლზე და რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×