რეზონანსი
16.09.2021

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მისი ძმა და ასევე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, კონტრ-დაზვერვასა და ანალიტიკური სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" ისაუბრა.

შესაბამისად, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარული ჩანაწერები შესაძლოა მთავრობის ყოფილ მეთაურსა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ, ტყუილია.

„ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ანუ ჩემი ძმა, არცერთი დღე არ ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. იმ სააგენტოსი, რომელიც არის მოსმენებით დაკავებული. მისი ძირითადი მიმართულება და საკურატორო სფეროები იყო კონტრ-დაზვერვა და ანალიტიკური სამსახური. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ერთამანეთთან შემხებლობის არმქონე ორი სხვადასხვა მიმართულებაა, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სუს-ში მუშაობის პერიოდში, მის ძმას სულ სხვა სფერო ებარა და ფარულ ჩანაწერებთან თუ მოსმენებთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილს შემხებლობა არ ჰქონია.

გიორგი გახარიას პარტიის წევრის თქმით, „ქართული ოცნების" მიზანია პარტია „საქართველოსთვის" საზოგადოების თვალში „გააშავოს." მან მმართველ პოლიტიკურ ძალას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„გამოძიების დაწყების შესახებ ჩვენ პროკურატურისგან გავიგეთ ორი დღის წინ და არ იყო გასული ერთი დღე, როდესაც ე.წ. ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ და ასახელებენ სახელებს და გვარებს, მათ შორის ჩემს ძმასაც. სრულიად უტიფრად, უსირცხვილოდ ისვრიან ტალახს, მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მსგავსი ნაბიჯებით ისინი მხოლოდ წააგებენ. ჯობია გამოიძიონ აბსოლუტურად უმსგავსო ფაქტები, რამდენად შეესაბამება რეალობას, დაადგინონ ავთენტურობა ამ დოკუმენტების, რაც არის გამოტანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და ცრუ ბრალდებებს მოეშვან, ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ბევრი გამოწვევა უდგას და იმის მაგივრად, რომ თუნდაც სუს-ის თანამშრომლებმა გააკეთონ თავიანთი საქმე, დღეს ისინი დაკავებული არიან ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დევნითა და ზეწოლით.

სუს-ის აღწერას მე არ დავიწყებ, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვენლოვანი გარემოება, რომელიც უნდა ითქვას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ანუ ჩემი ძმა, არცერთი დღე არ ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი - იმ სააგენტოსი, რომელიც არის მოსმენებით დაკავებული. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გონიერებას მოკლებული, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება" იყენებს, რომ როგორმე მორიგი ტალახის ნიაღვარი წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით. მისი ძირითადი მიმართულება და საკურატორო სფეროები იყო კონტრ-დაზვერვა და ანალიტიკური სამსახური. შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური, რომელიც დაკავებულია მსგავსი საკითხებით, არ იყო მისი საკურატორო სფერო. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ერთამანეთთან შემხებლობის არმქონე ორი სხვადასხვა მიმართულება. ამ ტყუილის მიზანია ჩვენი დისკრედიტაცია, საზოგადოების თვალში ჩვენი გაშავება და ამისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებენ", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×